18 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილი ვეტერანებისთვის დახმარების გაზრდას ითხოვს - ვეტერანი დღეს პარლამენტში ბიუჯეტის განხილვას დაესწრო

პარლამენტმა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა დაასრულა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შემაჯამებელი სხდომა გამართა და მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა. ახლა ანტიკრიზისულ ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით ისევ მთავრობას გადაუგზავნიან და, დაახლოებით, ივნისის ბოლოს პარლამენტი მას მხარს საბოლოოდ დაუჭერს.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა კონკრეტული ინფორმაცია რამდენიმე ოჯახის შესახებ, ვისაც სოციალური დახმარება ნაწილობრივ ჩაერიცხა, ერთს კი დააკლდა კიდეც. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ მსგავსი შემთხვევა გამორიცხა, თუმცა დეპუტატს ინდივიდუალური შემთხვევების განხილვას დაჰპირდა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის კითხვა ეხებოდა კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდს, სადაც 133 მილიონი ლარია თავმოყრილი. პარლამენტარი დაინტერესდა, თუ რატომ არ დაიხარჯა ეს თანხა მიზნობრივი ჯგუფების დასახმარებლად. 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბიუჯეტში სარეზერვო თანხის არსებობა აუცილებელია, რადგან ქვეყანა შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე გამოწვევის წინაშე დადგეს. 

სხდომას ოპონენტებს შორის კამათის გარეშე არ ჩაუვლია. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე პაატა კვიჟინაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" 2008 წელი და დახმარების სახით მიღებული 4 მილიარდ ნახევარი ლარი შეახსენა, რომელიც, მისი თქმით, მოქალაქეთა დახმარებას არ მოხმარებია. აღნიშნულ კომენტარს ოპონენტების მხრიდან სიტყვიერი რეპლიკები მოჰყვა. 

სხდომას ომის ვეტერანი დოდო გუგეშაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ვეტერანებისთვის დახმარების გაზრდის საკითხი დააყენა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სიტუაციის სტაბილურობის შესაბამისად, შესაძლოა დღის წესრიგში ეს საკითხიც დადგეს.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ანტიკრიზისული გეგმისთვის საჭირო სამი მილიარდ 400 მილიონი ლარია მობილიზებული და მასში ყველა ის სოციალური დახმარებაა ასახული, რაც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დააანონსა. პროექტის მიხედვით, წელს ეკონომიკური ზრდა 4 პროცენტით შემცირდა და ეს შემოსავლების მილიარდ 800 მილიონით შემცირებას გამოიწვევს. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას - მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები 600 მილიონამდე მცირდება. ოპოზიციაში პროექტის უკან გაწვევას ითხოვენ და ამბობენ, რომ ის მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.

დღის ამბები