კადიროვი ისევ იმუქრება, თუმცა ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობას თავის თავზე არ იღებს. კადიროვის აგრესიულ რიტორიკას საქართველო აგრესიითვე არ უპასუხებს - ასეთია ხელისუფლების გადაწყვეტილება და პასუხი.
უკრაინელი ჟურნალისტი, რომელმაც გიორგი გაბუნიას შემდეგ მალევე პუტინს ღია ეთერში აგინა, სიმბოლოებზე საუბრობს. სიმბოლოებზე, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებში უყვართ და რომლის მიხედვითაც შესაძლოა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია, მის მიერ პუტინის შეურაცხმყოფელი გამოსვლის ზუსტად ერთი წლის თავზე მომხდარიყო, არტემ ოვდიენკო ამბობს რომ თავს დაცულად არც თვითონ გრძნობს.
უკრაინის მისამართით არა, მაგრამ საქართველოზე საუბრისას ვლადიმირ პუტინის ქვეშევრდომი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ისევ იმუქრება. რამზან კადიროვმა განცხადება, სადაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის შესახებ ბრალდებები უარყო, ტელეგრამით გაავრცელა. კადიროვის თქმით, მისი ბრძანებები ბოლომდე სრულდება და ეს რომ ნდომოდა საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.
ბრალდებებს უარყოფენ კრემლშიც. განცხადებას ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი ავრცელებს.
საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკა თბილისში არ გაკვირვებიათ. რამზან კადიროვის მიერ მუქარის გაგრძელებას, ოპოზიცია ქვეყნისთვის საფრთხედ აფასებს. პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საპასუხო განცხადებებს ელოდებიან. ოპოზიციის მოსაზრებით, აუცილებელია საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერთოს.
კადიროვის აგრესიულ რიტორიკას საქართველო აგრესიითვე არ უპასუხებს - ასეთია ხელისუფლების გადაწყვეტილება და პასუხი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმისა და პუტინის ხელქვეითის განცხადებებისა და მომდინარე საფრთხეების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და დიპლომატიურ კორპუსსაც უკვე შეატყობინეს. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ეს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ნაწილია და რიტორიკის შეცვლას არ აპირებენ.
გიორგი გაბუნიას შესაძლოა ლიკვიდაციის საქმეზე ევრო-ატლანტიკურ კოალიციაში შემავალმა 17-მა ორგანიზაციამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. არასამთავრობო სექტორი საგამოძიებო ორგანოსგან გამჭვირვალე და დროულ გამოძიებას ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დააკავა, ექსპერტები თვლიან, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადება, მათი აზრით, გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის დაგეგმვის ვერსიას ამყარებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 დღიანი დუმილი დაარღვია, თუმცა საქმის შინაარსსა და დეტალებზე საგამოძიებო უწყებამ ინფორმაცია ისევ არ გაავრცელა.