18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
სოფო კილაძე მიიჩნევს რომ დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი - რა რეაქციები მოჰყვა "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის მოწოდებას საქართველოში

გიორგი რურუას გათავისუფლებისა და საარჩევნო კამპანიის ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებით "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, დონალდ ტუსკის მოწოდებაში ჩანს, რომ ევროპელი პოლიტიკოსების შეფასებით, საქართველოში არჩევნები თავისუფალი არაა. 

"ამ განცხადებაში, ისევე როგორც სხვა განცხადებებში, ისევე როგორც ამერიკის ელჩის შეხვედრისას გენერალურ პროკურორთან გაისმის რამდენიმე სიტყვა, რომლებიც ახასიათებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებს, ეს არის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ოთხივე ეს მთავარი მახასიათებელი იხმარა დონალდ ტუსკმა თავის მიმართვაში, ანუ საქართველოში არჩევნები არ არის თავისუფალი, ეს უთხრა საქართველოს ხელისუფლებას, ანუ უნდა შეასრულოს საქართველოს ხელისუფლებამ შეთანხმების ორივე ნაწილი და უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური დევნა," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსების რეაქცია გამოწვეულია არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის მოტივით, არამედ იმ პრაგმატული და პრინციპული ინტერესით, რომელიც ევროპას საქართველოს მიმართ გააჩნია:

"საქართველოს ყველა მეგობარს - პერსონალურს, ქვეყანას თუ ორგანიზაციას, აქვს საფუძველი სერიოზული შეშფოთების, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოების პოზიციას ხედავს. ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის შეშფოთებული იმით, თუ საით მიყავს ქვეყანა ივანიშვილს, უფრო სწორად, ჩიხში ჰყავს შეყვანილი. ამის გამოვლინებაა შეთანხმების არშესრულება , საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე უარის თქმა, ქართული საზოგადოების შემდეგ, საქართველოს მეგობრების გადაგდებაც. ეს არის დიდი პრობლემა, ქვეყანას უქმნის საფრთხეს და ყველა ეს რეაქცია გამოწვეულია არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის მოტივით, არამედ სწორედ ამ ფუნდამენტური პრობლემით, იმიტომ რომ ამ ადამიანებს, დონალდ ტუსკს მათ შორის, აქვთ პრაგმატული და პრინციპული ინტერესი, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა. ივანიშვილის ნაბიჯები, მათ შორის შეთანხმების ჯერჯერობით ჩაგდება, პოლიტპატიმრების ყოლა და ქვეყნის ასეთ პოლიტიკურ კრიზისში შეყვანა მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება, პირველ რიგში კი ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების ინტერესებს,"- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი და ამას ოპოზიციის ლობისტური საქმიანობის შედეგად მიიჩნევს. შეცდომაში შეყვანის მაგალითად კი მას ამერიკელი კონგრესმენიც მოჰყავს.

"ჩვენ ვნახეთ დაახლოებით ერთი კვირის წინ თითქოს რამდენიმე კონგრესმენს განეცხადებინოს, რომ ბატონი ივანიშვილი არის პუტინის აგენტი, შემდეგ გამოვიდა ერთ-ერთი კონგრესმენი და თქვა, რომ მან არ იცოდა რა ეწერა ამ კონკრეტულ რეპორტში. მე მგონია, რომ დაახლოებით იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე , გასაგებია, რომ ბატონი ტუსკი წერს ტვიტერზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის შეცდომაში შეყვანილი, ისევე როგორც კონგრესმენი. ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ ლობისტურ საქმიანობას ჩვენი ოპონენტებისა, რომლებიც აზიანებენ ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის გარეთ," - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები