რუსეთის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ბრალდების ადრესატები გამოეხმაურნენ.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გაშავებით "ქართული ოცნება" დასავლეთში შელახულ იმიჯს ვერ აღიდგენს.
"ობიექტურად მე მიხარია, ყოველკვირა რომ ბრიფინგებს მიძღვნიან, სატელევიზო გამოსვლებში და საპარლამენტო სხდომებზე მახსენებენ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის უფასო პოლიტიკური რეკლამა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ მწყინს ის, რომ ქვეყანა თავზე გვექცევა და ჩემდამი ეპითეტებით შემკობით არიან დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანას საფრთხეები ააცილონ.
ოპოზიციის გაშავებით ავტომატურად "ქართული ოცნება" თავის იმიჯს დასავლეთში ვერ გაიუმჯობესებს. ჩვენ შეიძლება ერთმანეთს პინგ-პონგი ვეთამაშოთ, მაგრამ ობიექტური არბიტრის მხრიდან ძალიან მკაფიოდ გაისმა, თუ ვინ ასხამს მტრის წისქვილზე წყალს," - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.
ირაკლი კობახიძის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციის დადანაშაულება გიორგი გაბუნიას საქმეზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამერიკელი სენატორების წერილის გადაფარვის მცდელობაა.
"გასაგებია, რომ თქვენ გინდათ ამერიკის კონგრესმენების და სენატორების წერილი, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქმედებები ქვეყანაში არასტაბილურობისკენ წარმართავს პროცესებს, ეს გადაფაროთ.
გამოძიებას არ გაუკეთებია არც ერთი ოფიციალური კომენტარი. გამოძიება ჯერ პრაქტიკულად შუაშიც არ არის მისული და რა უფლებით აკეთებთ წინასწარ განცხადებებს, გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. რა უფლებით დებთ ბრალს ოპოზიციას, რაიმე ტიპის კავშირში აღნიშნულ ქმედებებთან, მაგრამ იმდენად შოკში ხართ მოსალოდნელი შედეგებით, რაც არჩევნებზე გელოდებათ, რომ აღარ იცით ვის რა დააბრალოთ,"-განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.
რუსეთის მიერ გიორგი გაბუნიას სავარაუდო დაკვეთილ მკვლელობაში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის ინტერესს ხედავს. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მმართველი გუნდის ოპონენტების ინტერესშია.
"ქართული ოცნების" ლიდერი გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ კონკრეტულ პოლიტიკოსებს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში დაასახელა კონკრეტული გვარები - ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე და შალვა ნათელაშვილი.