8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემის შეცვლა - პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე 4 დღით ადრე დიპლომატები არჩილ თალაკვაძეს ესტუმრნენ. ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის წევრებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში კრიზისის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება. კელი დეგნანის თქმით, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ამირან გამყრელიძის და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაეხმარება მათ, ამომრჩევლის ჯანმრთელობის დასაცავად.
"ძალიან ინფორმატიული შეხვედრა იყო იმ ზომებზე და ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა მივიღოთ, რათა ვიყოთ მზად, ჩავატაროთ კარგი არჩევნები COVID-19-ის კრიზისის პირობებში. გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა, როდესაც ისინი ოქტომბერში არჩევნებზე წავლენ," - აცხადებს კელი დეგნანი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ელჩებმა არჩევნების ჩატარების თარიღთან არსებული კითხვების გარდა, პანდემიის შესაძლო მეორე ტალღასთან გასამკლავებლად ჯანდაცვის უწყების სამომავლო გეგმებიც განიხილეს.
"4 ქვეყნის ელჩი შევიკრიბეთ რათა ოფიციალურ გარემოში კიდევ ერთხელ გვესაუბრა საარჩევნო პროცესების დემოკრატიულად წარმართვასა და კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად განვიხილეთ არჩევნების ჩატარების თარიღთან არსებული საკითხები, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების სამომავლო გეგმები პანდემიის შესაძლო მეორე ტალღასთან გასამკლავებლად. ჩვენი გზავნილი ყველასთვის ნათელია, პროცესები წარიმართოს სამართლიან გარემოში, ყველას შეეძლოს საკუთარი საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს," - აცხადებს კარლ ჰარცელი.
გერმანიის ელჩის საქართველოში ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, 8 მარტის შეთანხმების პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია და იმედოვნებს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების მიღება შეთანხმების მიხედვით მოხდება.
"ხვალიდან საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციურ ცვლილებებზე იმსჯელებენ. ეს ცვლილებები შემუშავებული იქნა როგორც შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის. შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 8 მარტს მოეწერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა და ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას და კონსტიტუციური ცვლილებების მიღება მოხდება როგორც შეთანხმებული იყო. განვიხილეთ მომავალი არჩევნების დეტალები და საარჩევნო კოდექსი. ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობის სხვა დეტალებზეც ვიმსჯელეთ," - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს თქმით, საკონსტიტუციო შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს და ხელშეკრულება ყველა მხარემ უნდა შეასრულოს.
"საკონსტიტუციო შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი წარმატება იყო და ამ შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს. კითხვაზე, კონკრეტულად რომელ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა შეთანხმების ბოლომდე შესრულებაზე, მინდა განვაცხადო, რომ ხელშეკრულება ყველა მხარემ უნდა შეასრულოს," - განმარტა კრისტიან ურსემ.
ავტორი: მირიან გორგოძე