18 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - 9 მოსამართლემ არჩევანი 2 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ტურავამ საკუთარი თავი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად 4 კოლეგასთან ერთად წარადგინა. მეორე კანდიდატი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილია. მისი წარდგენის დოკუმენტს ხელს 3 მოსამართლე აწერს, თუ ხმის მიცემის ეტაპზეც უკვე არსებული სიმპატიები შენარჩუნდება, მაშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიდი ალბათობით, მერაბ ტურავა გახდება.

კანდიდატებს "კურიერმა" ჰკითხა, როგორია მათზე პოლიტიკური გავლენა, როცა საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას ეხება. ორივე მოსამართლე ამბობს, რომ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია, რის ინდიკატორად ისინი სასამართლო პროცესებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.

ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ვინ დაიკავებს თავმჯდომარის თანამდებობას, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგანაც სასამართლოს ამ ინსტანციას "ქართული ოცნების" მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეები აკონტროლებენ.

მმართველ გუნდში შერჩეულ კანდიდატებს არ აფასებენ. ამბობენ, რომ სასამართლოს შემადგენლობა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, თავად მიიღებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა. ახლა 9 მოსამართლემ არჩევანი 2 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

ირინა იმერლიშვილი 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მანამდე ის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, 2012-2013 წლებში კი - "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი.

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარეა მერაბ ტურავა. 2015 წელს ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა აირჩია. სწორედ ტურავა განიხილავდა სარჩელს, რომლითაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში 9 თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ყოფნის კონსტიტუციურობას ასაჩივრებდა. გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს მოსამართლე მერაბ ტურავა საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ მისი ავადმყოფობის გამო ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ, თუმცა შემდგომ სასამართლომ განაჩენი მისი ხელმოწერის გარეშე მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება. კანონმდებლობის თანახმად, თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

დღის ამბები