საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვების დაწყებასთან ერთად, პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დიპლომატები 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა.
ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას, რომელშიც დიპლომატები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ, ოპოზიციაში აფასებენ როგორც "ქართული ოცნებისთვის" მინიშნებას, რომ დიპლომატები არ ენდობიან მმართველ პარტიას და ფიქრობენ, რომ შესაძლოა საარჩევნო სისტემის ცვლილება ქვეყანაში კიდევ ერთხელ ჩავარდეს.
როგორც "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აღნიშნავს, ოპოზიციის საერთო ამოცანაა სრულფასოვნად საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა მისივე თქმით, ბარიერი მდგომარეობს იმაში, რომ ჯერჯერობით 8 მარტის შეთანხმება შესრულებული არ არის.
"მადლობელი ვართ საქართველოს მეგობრების, რომლებიც აპირებენ იმ პირობებშიც კი, თუ კი ივანიშვილის რეჟიმი რაღაც დრო არ შეასრულებს ამ პირობას, კერძოდ დარჩენილი პოლიტპატიმრის რურუას გათავისუფლებას, რომ ეს საკითხი მუდმივად იდგება დღის წესრიგში იმიტომ, რომ ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს, მოხდეს ნორმალიზაცია ვითარების, ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა სრულფასოვნად საკონსტიტუციო ცვლილებებში. ამ ვითარების გასაღები, სამწუხაროდ სანამ ხელისუფლებაში არიან, არის, არის ივანიშვილის ხელში.
ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვინდა, რომ ამაში მონაწილეობა მივიღოთ, ოღონდ ბარიერი მდგომარეობს იმაში, რომ ჯერჯერობით შეთანხმება შესრულებული არ არის," - აცხადებს გიგა ბოკერია.
როგორც ოპოზიციაში განმარტავენ მათ სურთ პროცესში მონაწილეობის მიღება, თუმცა ვიდრე გიორგი რურუა რჩება პატიმრობაში კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ "ქართულმა ოცნებამ" 8 მარტის შეთანხმება არ შეასრულა.
"ელჩების განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ეს შეთანხმება არ არის შესრულებული, არ შეასრულა "ქართულმა ოცნებამ", ვინაიდან პირდაპირ წერია ამ ტექსტში, რომ მოუწოდებენ მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებაში. ეს ნიშნავს, რომ კვლავ გრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და არ არის გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი.
რაც შეეხება მოწოდებას, რომ კენჭისყრაში მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა, ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი არ ენდობიან ბიძინა ივანიშვილს, არსებობს რისკები," - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მმართველი გუნდის წევრების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე ისევ უარს ამბობს, ამ პროცესს საფრთხე არ ემუქრება და ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ისეთ პირობებს აყენებს შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლის პირობებიც 8 მარტის შეთანხმებაში რეალურად არ ჩაწერილა.
"ვალდებულება არა აქვს მხოლოდ "ქართულ ოცნებას" იმ შეთანხმების შესრულების, რომელიც შედგა 8 მარტს. ამის ვალდებულება ყველას გააჩნია და მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის იმ რადიკალურ ნაწილს, რომელიც რაღაც პირობებს აყენებს, რომლის პირობაც რეალურად არ ყოფილა 8 მარტის შეთანხმებაში ჩაწერილი. შეთანხმების პირობა იყო ის, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით და რის შესრულებასაც ზედმიწევნით და 100%-ით ვაპირებთ," - განმარტავს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე, რომელიც მათივე თქმით, ისტორიული მნიშვნელობის წარმატება იყო.