ხვალ 20 ივნისია და რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ გაიმართება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმ პროცესების კიდევ ერთხელ გასაპროტესტებლად შეიკრიბებიან, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ განვითარდა - რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშლილი აქციის მონაწილეები, რომლებიც ქუჩაში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოჩენამ გამოიყვანა.
სამოქალაქო აქტივისტები ხვალ შეკრებას 7 საათიდან დაიწყებენ და მათ შეუერთდებიან პოლიტიკოსებიც.
მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ნიკა ფარულავა აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები რუსული ოკუპაციის გაპროტესტებას, ყველა რეკომენდაციის დაცვით აპირებენ, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გასცემს.
"ხვალაც გავაპროტესტებთ ოკუპაციას და რუსულ ხელისუფლებას. აქციაზე ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, რათა შემდგომ ამ აქციის დისკრედიტაცია არ მოხდეს,"- განაცხადა ნიკა ფარულავამ.
მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტი ბექა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აქციაზე ყველა რეკომენდაცია იქნება დაცული.
"ჩვენ გვახსოვს ყველაფერი რაც 1 წლის წინ მოხდა. არ დავივიწყებთ ახალგაზრდებზე აღმართულ ხელს. ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს, რომ ქართველ ხალხს რა ტკივილსაც აყენებენ, ის ტკივილი მარტივად არ ავიწყდება,"- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას.
მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ. რუსმა დეპუტატმა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია რუსულ ენაზე წაიყვანა.
აქციის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა, რასაც ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალის გამოყენებით დაშლა მოჰყვა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი აირი და სპეცრაზმი.
აქციის დაშლისას დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები, დააკავეს ათობით მონაწილე. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აქციიდან კლინიკებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი გადაიყვანეს.