დღევანდელ საკომიტეტო განხილვას, სადაც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ არსებულ რედაქციასთან დაკავშირებით შინაარსობრივი შენიშვნები აქვთ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, გამოწვევად და პრობლემად რჩება მაჟორიტარული ოლქების საკითხი, რადგან რიგ შემთხვევაში ამ ოლქებს შორის გადახრა 15%-ზე მეტია.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებებს, რადგანაც მიგვაჩnია, რომ ბევრად უკეთესი სისტემა იქნება თუნდაც ერთჯერადად, რაც ახლა უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა, ვიდრე დღეს არსებული სისტემა. ჩვენთვის გამოწვევად და პრობლემად რჩება მაჟორიტარული ოლქების საკითხი, რადგანაც რიგ შემთხვევაში ამ ოლქებს შორის გადახრა არის 15%-ზე მეტი და ვიმედოვნებთ, რომ ამ დისკუსიების და განხილვის პროცესში გარკვეული დაზუსტებები შესაძლებელი იქნება ოლქების საზღვრებს შორის, ისე რომ პროპორციები იყოს დაცული და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი ოლქები, სადაც სხვაობა შეიძლება იყოს 15%-ზე მეტი," - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
"ეს შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს, ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ის, რა ვალდებულებაც აიღეს ქართველი ხალხის და ჩვენი პარტნიორების წინაშე. ამიტომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს დეპუტატებს მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარული ნაწილი ჩვენც არ მოგვწონს,"- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.