18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
არ შეიძლებოდა ამ თარიღს ისე ჩაევლო, რომ საზოგადოებისთვის არ შეგვეხსენებინა, როგორი ანტისახელმწიფოებრივი მთავრობა გვყავს - თინა ბოკუჩავა

20 ივნისის ერთი წლის თავზე სამოქალაქო აქტივისტები აქციას ისევ გამართავენ. ხვალინდელ აქციაზე მისვლას ოპოზიციის წევრებიც გეგმავენ. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ 20 ივნისი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია.

"არ შეიძლებოდა ამ თარიღს ისე ჩაევლო, რომ საზოგადოებისთვის არ შეგვეხსენებინა, როგორი ანტისახელმწიფოებრივი მთავრობა გვყავს. დღეს კი პრემიერად გვევლინება ის ბრუტალური ადამიანი, რომელსაც პასუხი უნდა ეგო ამ ყველაფერზე,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, არ შეიძლება საზოგადოებას დაავიწყდეს რა მოხდა ერთი წლის წინ, 20 ივნისის ღამეს.

"ვიკრიბებით და დავიცავთ სოციალურ დისტანციას. აქცია იქნება ორიენტირებული ერთ რამეზე, რომ ეს ყველაფერი არავის ავიწყდება. ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ აქციაზე,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ. რუსმა დეპუტატმა, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია  რუსულ ენაზე წაიყვანა.

აქციის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა, რასაც ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალის გამოყენებით დაშლა მოჰყვა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი აირი და სპეცრაზმი. 

აქციის დაშლისას დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები, დააკავეს ათობით მონაწილე. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აქციიდან კლინიკებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი გადაიყვანეს.

დღის ამბები