პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველის გუნდისგან 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე განსახილველ კონსტიტუციურ კანონს სრული მხარდაჭერა ექნება.
მისი თქმით, უმრავლესობაში ელჩების მოწოდებას სრულად იზიარებენ.
"მივესალმებით პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.
მივესალმებით საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე საჯაროდ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების მიმართ.
სრულად ვიზიარებთ რა ელჩების მოწოდებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს" საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.