ე.წ. გავრილოვის ღამიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას გეგმავენ.
მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია თბილისის მერიამ შემოღობა, აქციის ჩაშლას არც აქტივისტები და არც ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ.
ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოჩენასა და 20 ივნისის ღამეს მომხდარ დაპირისპირებას, აქცია-პერფორმანსებით მთელი დღის განმავლობაში გაიხსენებენ.
მართალია აქციის მონაწილეები ხვალ ერთად იდგებიან, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დისტანციურად გადანაწილდებიან.
სამოქალაქო აქტივისტებთან და მოქალაქეებთან ერთად ხვალინდელ აქციას შეუერთდებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.
დეპუტატები უმცირესობიდან, რომლებმაც პირველებმა გააპროტესტეს რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა, ხვალ საზოგადოებას ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს შეახსენებენ.
ზუსტად ერთი წლის წინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების რაიმე ფორმით კვლავ გამეორებას მმართველ გუნდში გამორიცხავენ. "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი ამტკიცებს, რომ მათი მხრიდან კონტრაქცია არ იგეგმება. მსგავს საკითხებზე გაკეთებულ განცხადებებს კი მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებად აფასებენ მმართველ გუნდში.
პარლამენტის წინ შეკრება ხვალ საღამოს 7 საათზე დაიწყება, აქციაზე დაგეგმილია პოლიტიკური გამოსვლებიც.