18 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
რა ეტაპზეა ივნისის მოვლენების გამოძიება - გავრილოვის ვიზიტიდან ერთი წლის თავზე საიამ ანგარიში გამოაქვეყნა

ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც რუსი კომუნისტი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. ერთი წელი გავრილოვის ვიზიტიდან, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში სერიოზული რყევები გამოიწვია.

პროტესტის გრძნობამ, რომელმაც პარლამენტთან მიიყვანა, ისტორიული მოვლენების უნებლიე მონაწილეც გახადა. ვახო ბერიკაშვილი, რომელსაც აქციის დაშლისას ხელი ტყვიამ დაუზიანა, დაზარალებულად ცნობას უკვე ერთი წელია ელოდება. ოფიციალური სტატუსის მინიჭება მისთვის მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებას არ ნიშნავს. გიორგი სულაშვილი კი, რომელმაც მაკო გომურის მსგავსად თვალი დაკარგა, მისგან განსხვავებით სტატუსი ერთი თვით გვიან, ნახევარი წლის შემდეგ მიიღო.

დაზარალებულის ოფიციალური სტატუსი 68 სამართალდამცველს და აქციის მხოლოდ 8 მონაწილეს აქვს, მათგან სამის ინტერესებს "საია" იცავდა. 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ორგანიზაცია სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, სათანადოდ არ არის შესწავლილი რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერების საკითხი, ყურადღება არ არის გამახვილებული თანამდებობის პირების, მათ შორის მაშინდელი შს მინისტრის, შესაძლო პასუხისმგებლობაზე.

ძალოვანი უწყებების შესაძლო გადაცდომებზე საუბრობს "ემპათიაც". ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულთა რეალური რაოდენობა არის გაცილებით მაღალი, ვიდრე მათი, ვისაც ეს სტატუსი მიღებული აქვს. ერთი წლის ანალიზის შემდეგ ორგანიზაცია ფიქრობს, რომ სახელმწიფოში საქმის ობიექტურად გამოძიების ნება არ არსებობს.

დღემდე გაურკვეველია, აქციის დაშლის სამართლებრივი ნაწილი ოპოზიციისთვისაც, სადაც მიაჩნიათ, რომ ძალის გადამეტებას სათანადო გამოძიება სჭირდება.

ოპოზიციის დანაშაულზე საუბრისას, 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას - არც მმართველი გუნდის შეცდომას უარყოფს მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე.

საქმეს ჯერ კიდევ სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი, რომელსაც საკითხზე სპეციალური ანგარიში და რეკომენდაციებიც აქვს მომზადებული. მიუხედავად ბევრი კითხვისა, გამოძიების ეფექტურობაზე ომბუდსმენის ოფისიც ცალსახად ჯერ ვერ საუბრობს.

20-21 ივნისის მოვლენებს სწავლობს როგორც პროკურატურა, რომელმაც 3 სამართალდამცველი მისცა პასუხისგებაში, ისე შსს. უწყების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოძიება აქციის 17 მონაწილის მიმართ დაიწყო, 14 მათგანთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია.

დღის ამბები