პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გიორგი რურუა ჯერჯერობით, ბრალდებულია, შესაბამისად, მისი თქმით, მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება. არჩილ თალაკვაძე"ღამის კურიერში" სტუმრობისას ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით, ის ვერ მიმართავდა პროკურატურას გიორგი რურუას საქმეზე წერილით და გარკვეული გადაწყვეტილებს მიღებისკენ ვერ მიუთითებდა.
"ბატონი რურუა, ჯერჯერობით, არის ბრალდებული, აქედან დავიწყოთ და მეორე, ჩვენი პირობა არის, რომ პოლიტიკური ჩარევა არ მოხდება მართლმსაჯულებაში, სასამართლოში და პროკურატურის საქმიანობაში. როდესაც მეკითხებით, მიმემართა თუ არა წერილით პროკურორისთვის, რომ მას მიეღო ასეთი, ან ისეთი გადაწყვეტილება... წერილი არის უკვე ზეგავლენა, პარლამენტის თავმჯდომარე როცა მიმართავს პროკურორს, რომ იქნება ასე გააკეთოთ, ეს უკვე არის ზეგავლენა, ამიტომ მე ვთვლი, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მე არ მაქვს უფლება, არც პარლამენტს აქვს უფლება ჩაერიოს ხელისუფლების სხვა შტოს საქმიანობაში და ამ შემთხვევაში, ჩვენ ჯერჯერობით, ველოდებით გადაწყვეტილებას. იცით, რომ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის მკაფიო, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არ შეიძლება და ვერ იქნებოდა შეთანხმების ნაწილი. ერთი ეს არის შეთანხმების მემორანდუმი, მეორე ეს არის ერთობლივი განცხადება, რაც სამწუხაროდ, ყურადღებიდან გამორჩა ძალიან ბევრს, ვინც აშუქებდა ამ პროცესს.“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები საკითხი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. თალაკვაძე განმარტავს, რომ შეთანხების მონაწილეებმა ეს ყველაზე კარგად იციან.
"ყველას შეიძლება ქონდეს განსხვავებული ინტერპრეტაცია, მაგრამ მონაწილეებს ვერ გვექნება განსხვავებული ინტერპრეტაცია, ვინაიდან ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით, რას მოვაწერეთ ხელი. მე დღესაც ვიმეორებ, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არ და ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ ჩაურევლობაზე და ასეთი ჩანაწერი რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა ზუსტად პირიქით, პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების პროცესში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.