18 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ მიმართავს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შეასრულონ პირობა და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  კიდევ ერთხელ მიმართავს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შეასრულონ პირობა და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"ჯერჯერობით, ეს არის პოლიტიკური პროცესი და შედეგი დადგება მაშინ, როდესაც ყველა დეპუტატი დააფიქსირებს თავის პოზიციას. ამ მომენტისთვის პოლიტიკური კონსულტაციების შედეგი არის ის, რომ უმრავლესობის პრაქტიკულად აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ინიციატივას, ეს არის 92 ხმა.

ასევე, მადლობა იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც უკვე ღიად დააფიქსირეს თავისი მხარდაჭერა. ეს არის ძალიან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, თავის პირობას და აღებულ პასუხისმგებლობას არ ასრულებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო". მე კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, განსაკუთრებით ფასილიტატორი ელჩების საერთო განცხადების შემდეგ, რომ შეასრულონ პირობა და მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას," – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ასევე "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე ელჩების მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი შეთანხმების ყველა მხარეს მოუწოდებენ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც ოპოზიციური პარტიების აცხადებენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი შეთანხმებისას მიცემულ პირობას არღვევენ.

"ამ შემთხვევაში, როდესაც პარტია, რომელმაც დადო შეთანხმება, აიღო პასუხისმგებლობა ამ ცვლილებების მხარდაჭერაზე, როდესაც ის აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ისინი არღვევენ შეთანხმებაზე მიცემულ პირობას.

მე ამ განცხადებას მინდა ძალიან მოკლედ გამოვეხმაურო, ეს არის ძალიან ძლიერი დიპლომატიური ტექსტი და ამავე დროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი.

ნახეთ, ტექსტი პირდაპირ ამბობს, რომ მართლმსაჯულების და სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავაც რჩება ყურადღების ქვეშ და ამას ხედავენ როგორც განგრძობით პროცესს, მათ შორის არჩევნებამდე, რაც ნიშნავს, რომ ის კენჭისყრაზე ვერ იქნება დამოკიდებული. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ შეიძლება რომელიმე კენჭისყრაზე იყოს დამოკიდებული," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები