პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ღამის კურიერის“ ეთერში შეკვთილი მკვლელობის საქმეს ეხმაურება.
არჩილ თალაკვაძეს გადაცემის წამყვანმა თემასთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება წაუკითხა. კითხვაზე - რომელ ჟურნალისტს გულისხმობდა არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ განცხადება ეხება ნებისმიერ ჟურნალისტს, მათ შორის, თუკი თავდასხმის მომზადების ფაქტი დადასტურდება, გიორგი გაბუნიასაც.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალია, ყველა ადამიანი იყოს დაცული ქვეყანაში.
”ჩემი განცხადება ეხება ნებისმიერ ჟურნალისტს, მათ შორის, თუ თავდასხმის მომზადების ფაქტი დადასტურდება, ბატონი გაბუნიაც. ჩემთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეს ჟურნალისტი არის ჩვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილი, იცავს ის ჟურნალისტური საქმიანობის პრინციპებს, არის დამოუკიდებელი, თუ არის ლოიალური. საქმე ეხება ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტს, იმიტომ რომ ჟურნალისტის პროფესია არის ძალიან მოწყვლადი, ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია არის, რა თქმა უნდა, ძალიან მკაფიო, სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს, სახელმწიფო იცავს თავის ჟურნალისტებს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქის, მათ შორის, რადგან საჯარო განცხადებები კეთდება და უკვე იყო დაკითხვაზე დაბარებული ბატონი გაბუნია, ბატონ გაბუნიასაც იცავს სახელმწიფო.
პარლამენტის თავმჯდომარე არის პოლიტიკოსი და შესაბამისად, როდესაც ჩნდება პოლიტიკური საკითხი, როდესაც საზოგადოებას საჯარო სივრცეში აინტერესებს, თუ რა არის ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების პოზიცია, ჩემი პოზიცია იყო ეს, მე დღესაც ამ პოზიციაზე ვარ. თუ ხვალ დადასტურდება რომ ეს ეხებოდა ბატონ გაბუნიას, მე მექნება კიდევ უფრო კონკრეტული პოზიცია, კონკრეტულად მასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იყო ჩემი პოლიტიკური გუნდის და როგორც პოლიტიკური ორგანოს ხელმძღვანელის პოზიცია,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.