18 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ჩვენი რეაქცია არის იგივე, როგორიც არის გერმანიის რეაქცია, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არის მიუღებელი - არჩილ თალაკვაძე ზელიმხან ხანგოშვილზე

რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე გუშინ განცხადება გერმანიაში გაკეთდა - ბერლინში 2019 წლის აგვისტოში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს - გერმანიის პროკურატურის გუშინდელ განცხადებაში ვკითხულობთ - რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე. გუშინვე ბერლინში საგარეო უწყებაში დაიბარეს რუსეთის ელჩი გერმანიაში  სერგეი ნეჩაევი და განემარტა, რომ გერმანიის ხელისუფლება იტოვებს უფლებას გაამკაცროს ზომები შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

რა ხდება ამ დროს საქართველოში? და როგორ იქცევით თქვენ- ამ კითხვით ირაკლი იმნაიშვილმა არჩილ თალაკვაძეს "ღამის კურიერის" ეთერში მიმართა.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი ოფიციალური რეაქციები. მეორე რუსეთის ელჩს ჩვენ ვერ დავიბარებდით, რადგან ის საქართველოში არ არის. მესამე- ჩვენი რეაქცია არის იგივე, როგორიც არის გერმანიის რეაქცია. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არის მიუღებელი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა თუ რატომ არ იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული, გასული 24 საათის განმავლობაში გერმანელი კოლეგების დაპირისპირება კრემლის მიმართ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.

რაზეც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გამოძიების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური დასკვნები და დააფიქსირებებენ მხარეები პოზიციას.

"ვერ ნახავთ ამ ინფორმაციას იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და როდესაც იქნება სასამართლოს დასკვნა, ამის შემდეგ დავაფიქსირებთ ოფიციალურ პოზიციებს. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ გერმანიას ასეთი მწვავე რეაქცია ჰქონდა თავის დროზე ხანგოშვილზე, რადგან მათ ტერიტორიაზე მოხდა ეს მკვლელობა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები