18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
20 ივნისის ღამეს ძალის გადამეტება, სავარაუდოდ, მოხდა - არჩილ თალაკვაძე

20 ივნისის ღამეს ძალის გადამეტება, სავარაუდოდ, მოხდა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"დიახ, სავარაუდოდ, მოხდა, ვინაიდან ამ მუხლით არის გამოძიება დაწყებული. 3 პოლიციელი არის პასუხისგებაში მიცემული.

სპეციალური საშუალებების გამოყენება მიტინგის და მანიფესტაციის დროს უკვე აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს რისკი მოქალაქეების დაშავების. შესაძლო ძალის გადამეტება იყო, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, მე არ მგონია, რომ აქ მთავარი განსჯის საკითხია თუ რა ვადებში გამოიძია პროკურატურამ ესა თუ ის ამბავი. ჩემთვის პრიორიტეტული იყო რა გააკეთა სახელმწიფომ იმ ადამიანებთან, ვინც დაშავდნენ. მე მახსოვს ადრე ადამიანები, რომლებიც დაასახიჩრეს სხვადასხვა აქციაზე და სამედიცინო დახმარებაც კი არ აღმოუჩინეს. ვიმეორებ, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებას თან ახლავს მსგავსი რისკები. ვინც აქამდე მიიყვანა ეს საქმე, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც მათზეა. მეც მაქვს მოლოდინი, რომ ის, ვინც ამეტებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, იქნება კანონით დასჯილი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, "1 წლის განმავლობაში არ შეიძლებოდა გამოძიების დროულად წარმართვა და 20 ივნისს რომ არ შევხვდეთ იმ მოცემულობით, როდესაც საქმე 20 ივნისის დაშლის შესახებ ჯერ კიდევ გამოძიებაშია?“ არჩილ თალაკვაძე პასუხობს: - "შეიძლება ამ საქმის გამოძიება კიდევ გაგრძელდეს. მე ნამდვილად ვერ გეტყვით როდის დასრულდება, ვადებს მე არ ვაკონტროლებ და არც პარლამენტი არ იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, ეგ ერთი, მეორე: ეს იყო საპროტესტო აქცია და საპროტესტო აქციის დროს გამოყენებული პროპორციული რეაგირება."

არჩილ თალაკვაძის თქმით,  აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი 2 საათის განმავლობაში პოლიციელებს ურტყამდა. 

"ვნახეთ, იყო ის, რომ გარკვეული ჯგუფი აქციის მონაწილეთა 2 საათის განმავლობაში ძალადობდა პოლიციელებზე, რომლებიც იდგნენ თმენის რეჟიმში და იცავდნენ საქართველოს პარლამენტს - კონსტიტუციურ ინსტიტუტს. კიდევ ერთხელ ვამბობ, 2 საათის განმავლობაში პოლიციელებს ურტყამდნენ, მათ იტაცებდნენ კორდონიდან, ართმევდნენ ნივთებს და ამ ნივთებს ესროდნენ უკან.

აქციის დროს, როდესაც ასეთი ვითარებაა და როდესაც პოლიცია ასრულებს თავისი კონსტიტუციით და კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, ამ პროცესებს პრემიერ-მინისტრი არ მართავს. შესაძლოა, რომ მან უნდა იცოდეს, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული, მაგრამ ის, რომ მან თქვა 15 წუთით ადრე, რომ არ იქნება ძალა გამოყენებული, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესები არ იმართებოდა კანონმდებლობით და კონსტიტუციის შესაბამისად," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები