20 ივნისის აქციაზე, ორგანიზატორების თქმით, ყველა ეპიდემიოლოგიური რისკი გათვალისწინებულია და ასევე, დაცულია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. ადგილზე თანდათან იკრიბებიან აქციის მონაწილეები, მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთაველის გამზირზე უკვე მივიდა. მან 20 ივნისს, "ქართული ოცნების" სირცხვილისა და ქართული საზოგადოების ღირსების დღე უწოდა.
"20 ივნისი მყარად ჩაიბეჭდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის დღე, როდესაც ერთი მხრივ შეურაცხყოფა მიაყენა "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას, ანუ ეს არის "ქართული ოცნების" სირცხვილის დღე და მეორე ეს გახლავთ ქართული საზოგადოების ღირსების დღე. ჩვენ მთელს მსოფლიოს დავანახეთ, რომ რუსეთისგან შეურაცხყოფას არასოდეს მივიღებთ და არასოდეს ვიქნებით მათი კოლონია. ჩვენ დგავართ იმაზე, რომ უნდა ვიყოთ თავისუფალი და ლიბერალი ქვეყანა.
ამასთან, 20 ივნისი, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან სისასტიკისა და ძალადობის დღე, რომელზეც დღემდე არავის უგია პასუხი. ეს ასევე არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ხელში სადავეები აიღეს. ეს არი იყო უბრალოდ ბრაზის გამოვლინება, მას შემდეგ მუდმივი პროტესტია იმისათვის, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს. სწორედ ამ ბრძოლამ გახადა შესაძლებელი პროპორციული სისტემის მიღება, რაც ძალათა ბალანსს არსებითად შეცვლის,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.