18 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
იმ პირების დასჯა, ვინც 20 ივნისს ძალას გადაამეტა, მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციის მიზნით - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

20 ივნისის აქციის დარბევისას მედიის 40-მდე წარმომადგენელმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოჟურნალისტები აცხადებენ, რომ აქციის დაშლამდე ისინი არ გაუფრთხილებიათ, ასევე, ნაწილი ამბობს, რომ, მიუხედავად მათი პროფესიის ამომცნობი სიმბოლიკისა, სპეცრაზმი მაინც დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს დღემდე არ მინიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი და საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია. ამის გამო სამმა ჟურნალისტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა, რომელთა საქმეები უკვე წარმოებაშია მიღებული.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ამბობენ, რომ თუ არ დაისჯებიან ის პირები, რომლებმაც ძალას გადაამეტეს, ეს ძალიან ცუდი და არასწორი გზავნილი იქნება და მნიშვნელოვნად წაახალისებს მომავალში ძალადობას. 

"მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელშეშლის, მათ მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები დროულად გამოძიებული იყოს, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. ის ფაქტი, რომ გამოძიება დღემდე დასრულებული არ არის, ახალისებს შემდგომში ასეთი ქმედებების განმეორებას,"- განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა

 

დღის ამბები