18 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
თუ მაშინ არ გადადექით, თქვენი გადადგომა გაფორმდება უახლოეს პერიოდში არჩევნების გზით - შოთა დიღმელაშვილის მიმართვა გიორგი გახარიას

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია "ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებს მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა მიმართა. შოთა დიღმელაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ აქციაზე დაყენებული მოთხოვნების ნაწილი ისევ შეუსრულებელია, ხელისუფლებას მისი შესრულება მაინც მოუწევს. მათ შორის გადადგომა მოუწევს გიორგი გახარიასაც.

"ახლა დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვთ მოძალადეებს და გადაცხრილული მოქალაქეები არიან სტატუსის გარეშე, თითქოს აქ არაფერი მომხდარა და მათი სისხლი არ დაღვრილა. ამასაც ბოლომდე მივიყვანთ და თუ მაშინ არ გადადექით, თქვენი გადადგომა გაფორმდება უახლოეს პერიოდში არჩევნების გზით,"- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

შოთა დიღმელაშვილმა ოპოზიციური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები რეფერენდუმადაც შეიძლება შეფასდეს:

"მესმის, რომ ბევრი ადამიანი ამ პოლიტიკურ ველში დისკრედიტირებულია, მაგრამ ეს არჩევნები არის რეფერენდუმიც, რა პასუხს აძლევს ხალხი რუსეთს, უნდა მას ტერორისტების მრეცხავი, მათი დანაშაულის დამმალავი და საქართველოს წინააღმდეგ თანამზრახველი მთავრობა თუ უნდა თუნდაც ჭრელი, კონკრეტულად ვიღაცისთვის არმოსაწონი კოალიცია, ჩვენი 20 ივნისის სცენა თავიდანვე იყო კონსოლიდაციის სცენა და ეს უნდა გაგრძელდეს, რადგან ძალა ერთობაშია და ამ პოლარიზაციას ჩვენ უნდა მოვერიოთ და ყველამ ერთად უნდა გამოვუტანოთ განაჩენი ამ მთავრობას. ვირჩევთ დასავლეთსა და რუსეთს შორის, გთხოვთ თუნდაც ხრიოკი და ძნელად მისასვლელი გზით, გეზი მაინც ავირჩიოთ დასავლეთისკენ,"- აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.

 

ფოტოს ავტორი - ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები