"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია "შაბათის კურიერის" ეთერში, გავრილოვის პარლამენტში მისვლის დეტალებსა და ასევე მის პირად განწყობებს იხსენებს, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებას და ზოგადად მის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა.
ელენე ხოშტარია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სასესიო დარბაზში შევიდა და გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოსვლის რუსული ტექსტი დახია.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნული მოვლენის ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე მასთან აღშფოთებული მივიდა და უთხრა: " "მადლობა ელენე, სწორია, რასაც აკეთებთ".
"იმდენად გაბრაზებული ვიყავი, ბუნდოვნად მახსოვს - სწრაფად ჩავიცვი და გამოვიქეცი. როცა მოვედით, მე გარეთ ვეძებდი გავრილოვს, ამასობაში კი გიორგი კანდელაკი შევიდა პარლამენტში და სკამზე დაჯდა. მერე, როდესაც მივხვდი, რომ ის შესული იყო, მერე მეც შევვარდი პარლამენტში. როდესაც შევედი, პარლამენტის ტრიბუნაზე გავრილოვის გამოსვლის ტექსტი დამხვდა და ის მაშინვე გადავხიე. თუმცა, მერე ვნანობდი, რომ არ შევინახე. წარმოუდგენელია, რომ ადიხარ პარლამენტის ტრიბუნაზე და ის რუსული სიტყვით გამოსვლის ტექსტი დევს, რომელიც გავრილოვს ეკუთვნის.
მახსოვს, როდესაც ტრიბუნაზე ვიდექით, ჯერ ქუცნაშვილი მოვიდა და ძალიან უხეშად გვესაუბრებოდა, გვეუბნებოდა წადით, აქედან მოშორდითო. მაშინ მას ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი იყო, როდესაც ამ ელემენტარულ თემაზე, ორი ქართველი დეპუტატი კამათობს. ამის შემდეგ მოვიდა მამუკა მდინარაძე, რომელიც ძალიან აღელვებული იყო, მან მოსვლისას მითხრა: "მადლობა ელენე, სწორია, რასაც აკეთებთ". ეტყობა სტრესში იყვნენ და მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა.
ამასთან, მახსოვს თამარ ჩუგოშვილის პირველივე მწვავე რეაქცია, მან თქვა, რომ ამის შესახებ არ იცოდა, არ მგონია, რომ ამას იტყუებოდა,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.