18 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
რა გაკვეთილი მიიღეს ერთი წლის წინანდელი 20 ივნისისგან - მოვლენების მთავარი აქტორი პოლიტიკოსები გურამ როგავასთან ისტორიულ დღეს იხსენებენ

ქართველმა პოლიტიკოსებმა რომლებიც, 1 წლის წინ, პარლამენტში განვითარებულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ "შაბათის კურიერში" გურამ როგავასთან ინტერვიუს დროს 20 ივნისის მოვლენები გაიხსენეს და იმ გაკვეთილზე ისაუბრეს, რომელიც ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა მიიღო.

ხედავს თუ არა ოპოზიციის პასუხიმგებლობას 20 ივნისის ვითარების ესკალაციის პროცესში ელენე ხოშტარია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა და მისი სპიკერის სავარძელში მოკალათება ხმაურიანად გააპროტესტა.

"პარლამენტში შემოსვლა არანაირ შტურმს არ გულისხმობდა, ძალადობრივი არაფერი მომხდარა. როდესაც დავინახეთ, რომ ხალხი ძალიან გაბრაზდა, ვამბობდით სწრაფად გადაეყენებინათ კობახიძე, რადგან ადამიანები უკვე სერიოზულ პროტესტს გამოთქვამდნენ. ისინი კი ოპოზიციის მხრიდან არ იმართებიან. ამ გაბრაზებულ ადამიანებს კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ მათი მოთხოვნა და გავრილოვის ფაქტი პროტოკოლის თანამშრომლებს დააბრალეს. ასევე მათ ხალხს სპეცრაზმი წინ დაუყენეს, ეს კი გაბრაზებულ ხალხთან კატეგორიულად მიუღებელი წესია. მიზანმიმართული აგრესია იყო მოქალაქეების მიმართ, როდესაც ჟურნალისტებს ჭრი და პირდაპირ დამიზნებით სვრი საზოგადოებას - ეს სისასტიკეა. ჩემი აზრით, ნიკა მელიას მხრიდან მოწოდება პარლამენტში შევარდნის შესახებ არასწორი იყო, მაგრამ ამას შტურმთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.

20 ივნისის დღეს იხსენებს მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძეც.

"დაახლოებით 2-3 წუთის დაგვიანებით ვნახე მესიჯი, რომელიც გამომიგზავნა ჩვენი პარტიის თანამშრომელმა, რომ ცუდი რაღაც ხდება ძალიან, გავრილოვი ჩაჯდა თავმჯდომარის სკამში, პირველივე რეაქცია რაც იყო, ჩავხტი მანქანაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და გამოვიქეცი პარლამენტისკენ. გზიდან ვურეკავდი ჩემს თანამშრომელს რა ხდებოდა ინფორმაციას მაწვდიდა, - აცხადებს მამუკა მდინარაძე, მან გურამ როგავას ის ხმოვანი მესიჯიც მოასმენინა, რომელიც იმ დღეს თანამშრომელს გამოუგზავნა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, იმ დღეს ყველას აზრი ერთიანი იყო და მდგომარეობდა იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შეწყვეტილიყო და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის  სხდომა, რომელსაც რუსი დეპუტატი ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტში აღარ უნდა გაგრძელებულიყო.

"მანამდე ვურეკავდი ზაქრო ქუცნაშვილს, რომ სასწრაფოდ, სანამ მოვალ შესვენება გამოაცხადე და ჩამოსვი ეს ხალხი ძირს-მეთქი,"- აცხადებს მდინარაძე.

ერთი წლის წინანდელ ხმოვან მესიჯში მამუკა მდინარაძე თანამშრომელს ეუბნება, რომ ის კონტაქტზეა ზაქრო ქუცნაშვილთან და მისგან რუსული დელეგაციის პარლამენტის ტრიბუნიდან ჩამოყვანას მოითხოვს. ამასთან საუბრობს ირაკლი კობახიძის შესახებაც, რომელმაც მას უთხრა, რომ ყველა დეტალი იყო მასთან შეთანხმებული, თუმცა არავის უთქვამს, რომ რუსული დელეგაცია ზემოთ, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილზე უნდა ასულიყო.

მამუკა მდინარაძე ჩანაწერის თარიღსაც აკონკრეტებს და ამბობს, რომ შეტყობინება 11:09 საათზეა გაგზავნილი.

მამუკა მდინარაძის თქმით, რადგან იმ პროტოკოლით, რომელსაც ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა, არ იყო გათვალისწინებული, რომ გავრილოვი თავმჯდომარის სავარძელში უნდა ჩამჯდარიყო, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ იყო თვითნებური მოქმედება. მდინარაძე გავრილოვის მოქმედებას პროვოკაციას უწოდეს და აცხადებს, რომ გავრილოვის დაწყებული პროვოკაცია ოპოზიციის ნაწილმა გააგრძელა.

"ეს თვითნებური მოქმედება ვერ შეფასდება სხვანაირად, ეს იყო პროვოკაციული მოქმედება, პროვოკაცია რომელიც დაიწყო რუსეთის დუმის დეპუტატმა და წარმატებით გააგრძელეს ქართველმა ოპონენტებმა და ოპოზიციის ნაწილმა,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით 2 საათის განმავლობაში პარლამენტზე შტურმი მიმდინარეობდა და სამართალდამცავებმა მოქმედება უკიდურესი აუცილებლობის გამო დაიწყო. ამასთან მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მოგერიება ტყვიების გამოყენების გარეშეც შეიძლებოდა:

"ჩემი აზრით, შეიძლება სუბიექტური ვიყო ჩვენივე პოზიციის საუარესოდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩემი ეს განცხადება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ ტყვიების გარეშე არ შეიძლებოდა მოგერიება, თუმცა ერთ-ერთმა ყველაზე კრიტიკულმა სახალხო დამცველმაც კი თავის დასკვნაში მოუწია ჩაწერა რომ არანაირი ვერტიკალი იმ ბრძანების გაცემაში, რომ ეს ტყვიები ყოფილიყო გამოყენებული არ ყოფილა," - ამბობს მამუკა მდინარაძე. მდინარაძე ასევე აღიარებს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩხუბში არიან ჩართული მიტინგის მოსალოდნელ დაშლასთან დაკავშირებით ტელევიზიით გაფრთხილება შეიძლება არარელევანტური იყოს:

"გაფრთხილება რელევანტური არის მაშინ, როდესაც არ არის ასეთი ექსტრემალური სიტუაცია," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, 1 წლის წინ საპროტესტო აქციაზე მყოფ ადამიანებს სხვადასხვა მიზნები ჰქონდათ:

"მოკლედ რომ შევაჯამოთ და ძალიან ობიექტურები რომ ვიყოთ, იქ იდგნენ გულწრფელი ადამიანები და იქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი აღიარებითვე, რომლებსაც ქონდათ მიზანი, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ შეცდომა დავაშვებინეთ, რომ ან შემოჭრილიყვნენ პარლამენტში, სადაც უკვე ელოდებოდნენ ადამიანები, რამდენიმე ათეული. და მეორე მომენტია, რომ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს იერიში პარლამენტზე სხვანაირად ვერ შეჩერდებოდა, ეს არის მართალი, შეიძლებოდა თუ არა კონკრეტულად რამდენიმე შემთხვევის თავიდან აცილება, ალბათ შეიძლებოდა და ეს უკვე შეცდომა კონკრეტული ადამიანის თუ რაღაცა. ენა ვერ მომიბრუნდება, რომ არ ვთქვა, რომ ძალიან მძიმეა, ის ახლა ბრძანების გარეშე მოქმედებდა თუ გადაცდომა ჰქონდა თუ დანაშაული ჩაიდინა, ყველა შემთხვევაში ეს ხელისუფლებაზე მოდის და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მათი მკურნალობა და მთელი ცხოვრება ვალდებულება ამ ადამიანების წინაშე. მე ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ მაკო გომურის წინაშე ვიღაცა მართალია ან მტყუანი, როგორ შეიძლება მის წინაშე მართალი იყოს ვინმე, მაგრამ ჩვენ არასდროს ვახსენებთ პოლიციელს, რომელმაც მხედველობა დაკარგა , ისე გამოდის თითქოს ერთ მხარეს იყვნენ დაშავებულები, იქ ათეულობით პოლიციელი მოხვდა საავადმყოფოში,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

20 ივნისის დილას და პარლამენტში გავრილოვის გამოსვლას იხსენებს სალომე სამადაშვილი, მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდებოდა პარლამენტში ჟურნალისტების ზარის შემდეგ გაიგო და პარლამენტში სოფელ დიღმიდან სასწრაფოდ გამოემართა,  სამადაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნა იყო რომ გავრილოვს სასწრაფოდ დაეტოვებინა სხდომათა დარბაზი და ასევე დადგა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნაც. სალომე სამადაშვილის რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვის ქმედებებს. სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებას თავისი შეცდომა მალევე უნდა ეღიარებინა, მისულიყვნენ აქციის მონაწილეებთან და მათი აღშფოთება გაეზიარებინათ, თუმცა სამადაშვილის თქმით, ამის ნაცვლად ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია ძალის გადამეტებით დაშალა.

"ეს შენობა არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს ან რომელიმე ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

გურამ როგავასთან ინტერვიუში  2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს ზაქარია ქუცნაშვილიც, რომელიც ასამბლეის საქართველოში გამართვის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და სერგეი გავრილოვის მასპინძელი იყო:

"როცა ასამბლეის არჩეული პრეზიდენტი არის ეროვნებით რუსი და შენ ეს წინასწარ იცი, როგორ შეიძლება გაგიკვირდეს, რომ ის შეიძლება რომელიღაც პანელს გაუძღვეს. ჩემს თანაგუნდელებს იმიტომ გაუკვირდათ, რომ ძალიან ემოციური ფონი შეიქმნა და ზოგიერთი ჩემი თანამებრძოლი შეშინდა კიდეც. მამუკას გაუკვირდა ეს მისი უფლებაა," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და იმ ქალაქების ჩამოთვლა დაიწყო, სადაც სერგეი გავრილოვი როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის  პრეზიდენტი ისე გამოვიდა, ჩამოთვლილ ქალაქებს შორის იყო რომი და ათენი. ჟურნალისტის რეპლიკაზე რომ იტალია არ აქვს რუსეთს ოკუპირებული ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ამ ლოგიკით საქართველომ ევროპის საბჭოც უნდა დატოვოს, რადგან რუსეთი იქაც არის.

"თუ ჩვენ მართლმადიდებელ სამყაროს, ამ 23 ქვეყანას მივატოვებთ იმის გამო რომ რუსეთია იქ ერთ-ერთი წევრი, ამ ლოგიკით ევროპის საბჭოც უნდა მივატოვოთ, უნდა ვიყოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ვერ მოხდა გათვლა, რომ ასამბლეის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ოპოზიცია გამოიყენებდა. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, უნდა მომხდარიყო ამ ასამბლეის ტრადიციის დარღვევა და სხდომა პარლამენტის ნაცვლად სხვა დარბაზში გამართულიყო.

 

ფოტოს ავტორი - ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები