18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
დიდი იმედი მაქვს, რომ მანკიერ წრეს გავარღვევთ და შევცვლით მმართველობის ფორმას, რომელიც ქვეყნის წინსვლას ხელს უშლიდა - თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი ერთხელ ჩაგდებულ საკონსტიტუციო ცვლილებეს ამჯერად მხარს დაუჭერს. ჩუგოშვილის თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლა ერთპარტიულ მმართველობას დაასრულებს, რაც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

"დღეს არის 21 ივნისი, ერთი წლის წინ, ეს დღე იყო ძალიან მძიმე და ამ დღემ განაპირობა ძალიან მძიმე პროცესები. ზოგიერთი ადამიანისთვის იყო ტრაგიკული და დარჩება ასეთად სიცოცხლის ბოლომდე.

ამ დღის გამო, ჩვენ ყველამ ერთად საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ შევცვლიდით ამ ქვეყნის მართვის ფორმას და ამავე პარლამენტმა დადებული სიტყვა გატეხა და ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ პროცესები უფრო დაამძიმა. 

მიუხედავად იმისა, რომ მე ერთხელ დავრჩი იმედგაცრუებული, დღეს იმედი მაქვს პარლამენტი ხმას მისცემს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს ქვეყანა დადის ერთ წრეზე, სადაც არის ერთპარტიული სისტემა, ერთპიროვნული მმართველობა, იგნორირებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრი, განსხვავებული აზრის ქონა ითვლება მტრობად და გაერთიანების ნაცვლად, ქვეყანა მიდის დაყოფისკენ და შიდა მტრობისკენ, რაც არის ძალიან მავნე რამ.

ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი, განვითარდეს და წინ წავიდეს და იყოს სტაბილური სახელმწიფო და დღეს არსებული მართვის ფორმა უშლის ხელს, რომ რომ ქვეყანა ასეთად იქცეს. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს და შემდეგ მოსმენებზე, ამ მანკიერ წრეს გავარღვევთ და შევცვლით იმ მმართველობის ფორმას, რომელიც ქვეყნის წინსვლას ხელს უშლიდა. 

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობრებს და პარტნიორებს, რომლებმაც იმაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში, ვიდრე ამ ქვეყნის პოლიტიკურმა ელიტამ.

იმედს ვიტოვებ, აღარ განმეორდება ის, რაც 14 ნოემბერს მოხდა რაც იყო შეცდომა დანაშაული ქვეყნის წინაშე და მეორედ აღარ აღმოვჩნდებით ამ სიტუაციაში,"-განაცხადა საქართველოს პარლამენტის დამოიკიდებლმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა. 

დღის ამბები