საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 5-მა დეპუტატმა არ დაუჭირა. ესენი არიან ალექსანდრე ერქვანია, ბიძინა გეგიძე, დავით ჭიჭინაძე, კახა ოქრიაშვილი და ემხარ კვიციანი. მათი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები არ ასახავს ხალხის ინტერესებს.
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ცვლილება კონკრეტულ გარიგებას ემსახურება.
"ლოგიკას ხომ უნდა მიჰყვე და კითხვა ხომ უნდა დასვა ადამიანმა, იქიდან გამომდინარე, რომ რას აუმჯობესებს 73-დან ჩამოსული 30-მდე მაჟორიტარი. ხარისხი იქნება უკეთესი მაჟორიტარები, უფრო კარგად იმუშავებენ თუ რა?! საკონსტიტუციო ცვლილება, გამოდის, რომ კონკრეტულად ხალხისთვის კი არ არის, არამედ კონკრეტული რაღაც გარიგებისთვის არის, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ არასწორია მხარის დაჭერა," - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა დავით ჭიჭინაძემ.
"მოცემული პროცესი არის დევალვირებული, იმიტომ რომ მიმდინარეობს გაცხარებული ვაჭრობა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომელიც არანაირად არ გამოხატავს ამომრჩევლის ინტერესს. აქედან გამომდინარე, დღევანდელი საკონსტიტუციო ცვლილებები არანარიად არ ასახავს ხალხის ინტერესებს," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელი წევრმა ბიძინა გეგიძემ.
"წითელ ღილაკს დავაჭირე, ვფიქრობ რომ ვინც მწვანე ღილაკს დააჭირა და მისცა ხმა იმას, რომ მოსახლეობას საკუთარი დეპუტატი არ ჰყავდეს, საერთოდ უფლება არ აქვს წარადგინოს თავი მაჟორიტარად. არც იმ პარტიებმა არ უნდა წარადგინონ მაჟორიტარად კანდიდატები, ვინც დაუჭირა მხარი იმას, რომ საერთოდ გაუქმდეს საკუთარი დეპუტატის არსებობა მოსახლეობისთვის," - აღნიშნა ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარემ, წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებებს 136 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგი იყო.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.