18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
დაუჭერს თუ არა "ევროპული საქართველო" მხარს ცვლილებებს მეორე-მესამე მოსმენაზე, ეს გიორგი რურუას საქმეზეა დამოკიდებული - ბაქრაძის თქმით, დღეს პროპორციული სისტემა გადაარჩინეს

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ფრაქციამ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით დღეს პროპორციული სისტემა გადაარჩინა, თუმცა ისინი მეორე-მესამე მოსმენაზე მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. 

"ჩვენ დღეს გადავარჩინეთ პროპორციული სისტემა, მაგრამ არ დავუჭერთ მხარს მეორე და მესამე მოსმენით ამ კანონპროექტს, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებას, არ გაათავისუფლებს გიორგი რურუას და არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას სრულად.

ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ჩვენ დღევანდელი კენჭისყრით უზრუნველვყავით, რომ პროცესი დაიწყო და პროცესი გაგრძელდა. ახლა არის ხელისუფლების გადასაწყვეტი. თუ ისინი შეასრულებენ 8 მარტის შეთანხმებას, ჩვენ მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს მეორე - მესამე მოსმენით; თუ არა - შედეგებზე პასუხისმგებელი იქნება "ქართული ოცნება“," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია "ნაციონალურ მოძრაობას". 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

 

დღის ამბები