18 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
"ეს არის ის მაქსიმუმი, რომელიც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით შეუძლია ქვეყანას, მიიღოს" - არასამთავრობოები კენჭისყრაზე

საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს გაუჩინა მოლოდინი, რომ 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. თუმცა, "სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილზე საუბრობს და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას.

"იმედი მაქვს, ხელისუფლების მხრიდან შემხვედრ ნაბიჯად ასევე, იქნება კონკრეტული ქმედებები, რაც გააჩენს განცდას, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად სრულდება,“ - ამბობს მიხეილ ბენიძე.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე კი ამბობს, რომ კანონპროექტის მხარდაჭერა დეპუტატების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

"საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, დამოუკიდებელი დეპუტატები, სხვადასხვა ფრაქციის წევრები როდესაც მხარს უჭერენ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, სწორედ ეს მიგვაჩნია სწორ გადაწყვეტილებად და არა ის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ან - ინდივიდუალურად, ცალკე აღებული დეპუტატები არ იზიარებენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების არსს.

ჩვენ ვიცით, რომ ეს არის კომპრომისი და ერთგვარი მცდელობა, რომ პოზიციები ყოფილიყო დაახლოებული. ეს არის ის მაქსიმუმი, რომელიც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით შეუძლია ქვეყანას, მიიღოს,“ - ამბობს სალაძე.

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები