ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს. კონგრესმენმა ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა.
"ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს, მე თქვენ გვერდით ვდგავარ!" - წერს კინზინგერი.
პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.