საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება და საქართველოს მოსახლეობას მეტი ყურადღება მართებს.
"დღეს 2 ახალია შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა 8. ასე თუ ისე წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად დღეს ციფრები, რაც ვნახე იზრდება, უკვე 9 მილიონზე მეტია," - განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს, უნდა შევინარჩუნოთ.
"რეალურად, ვირუსის გავრცელების ტემპი არ კლებულობს, ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში პირიქით, იზრდება და აქ ჩვენ გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს შევინარჩუნოთ და აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და აქ ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.