პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" ლობისტების განცხადებას გამოეხმაურა. ბესელია მიიჩნევს, რომ ერთადერთი, რაც კონგრესმენების განწყობაზე დადებითად იმოქმედებს, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა.
"ჩანაწერი ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა, არის უმძიმესი. ეს არის სწორედ არადემოკრატიული ნაბიჯების გამო. ერთადერთი, რამაც შეიძლება გაცილებით ეფექტური გავლენა იქონიოს ამ განწყობაზე, ვიდრე არის ლობისტების მცდელობა, იქნება დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები. სხვა მცდელობა, მგონი, იქნება ფუჭი,"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლობისტების განცხადება 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ იმ სტრატეგიულ დოკუმენტს ეხება, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ და რუსეთი სასარგებლოდ დესტაბილიზაციის წყაროდ არის მოხსენიებული.
წერილში საუბარია, რომ მოსაზრებები უსაფუძვლოა, რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველო დასავლურ ალიანსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა. ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" ელის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.
იქამდე, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს.