საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ "ქართული ოცნების" ლობისტების განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ვოლსკიმ განაცხადა, რომ ლობისტების ინტერესია იმ ამერიკელ კონგრესმენებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების გამტარებლადაა მოხსენიებული, ზუსტი ინფორმაცია მიწოდონ საქართველოს რეალობის გათვალისწინებით.
"ლობისტებმა ვალდებულებად მიიღეს და სწორიცაა, ჩვენც ვფიქრობთ, რომ უნდა გვქონდეს სერიოზული ინტერესი იმისა, რომ ამ წინადადებასთან დაკავშირებით მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია, რა ხდება და ინფორმაცია არა რაღაც მტკიცებითი ფორმით, არამედ იმ ვითარების სრული ანალიზით, რომელიც დღეს საქართველოშია შექმნილი, რაც რეალობას შეესაბამება და რაც უტყუარი ფაქტებითაა დადასტურებული,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლობისტების განცხადება 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ იმ სტრატეგიულ დოკუმენტს ეხება, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ და რუსეთი სასარგებლოდ დესტაბილიზაციის წყაროდ არის მოხსენიებული.
წერილში საუბარია, რომ მოსაზრებები უსაფუძვლოა, რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველო დასავლურ ალიანსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა. ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" ელის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.
იქამდე, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს.