საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ეხმაურება. ბესელიას თქმით, რისკები ჯერ კიდევ არსებობს და მნიშველოვანია კანონპროექტის მომდევნო კენჭისყრებზეც ის ბოლომდე იქნეს მხარდაჭერილი.
"რისკი მაინც რჩება იქამდე, ვიდრე არ იქნება სამივე კენჭისყრა ბოლომდე მიყვანილი. ამიტომ არ უნდა ვთქვათ, რომ ამით დასრულდა პროცესი. ვხედავთ როგორი დიდი ინტერესია გარეთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების, რომელიც ამ პროცესს მართლაც გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებების მიღება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე იმედოვნებს, რომ კანონპროექტი მომდევნო მოსმენებზეც მხარდაჭერილი იქნება.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საკონტიტუციო ცვლილებებს. სწორედ ჩვენი ფრაქციისა და უფრაქციო დეპუტატების ძალიან მყარი პოზიცია არის გარანტი, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად გავა, რადგან ასეთ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად არ რჩება გზა იმისათვის, რომ რაიმე მანიპულირება და სიურპრიზები გამოაგდოს თავის მხრივ. ხოლო მეორეს მხრივ, ყველა, ვისაც ხელი აქვს მოწერილი ამ დოკუმენტზე, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებდი, რომ ხელმოწერა გადაზარდონ ხმების მიცემაში," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ.