"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ბოკერიამ "დღის კურიერში" განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათი ამოცანა ვითარების ნორმალიზებაა, რასაც გიორგი რურუას გათავისუფება სჭირდება.
"მოლოდინი კი არ გვაქვს, გვაქვს ამოცანა, რომელსაც სჭირდება ვითარების ნორმალიზება. ვითარების ნორმალიზებას კი, სჭირდება გიორგი რურუას გათავისუფლება და პირობის შესრულება, რომელიც საზოგადოების წინაშე და საერთაშორისო მეგობრების წინაშე დაიდო. ამაზე საერთაშორისო მეგობრებმაც მიუთითა მმართველ გუნდს. ასევე, გვინდა ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება.
ეს იქნება ივანიშვილისთვის ანგარიშვალდებულების მაგალითი. შემდეგ თვეებში კი, როდესაც ის იმოქმედებს ძალაუფლების დაკარგვის შიშით, ჩვენ გვექნება მეტი გარანტია, რომ ნაკლებ სისულელეს ჩაიდენს. თუ დაპირება არ შესრულდება, ჩვენ მეორე მოსმენაზე ხმას არ მივცემთ.
პირველ მოსმენაზე მივეცით ხმა იმიტომ, რომ ივანიშვილი კუთხეში მიგვემწყვდია. თუ პოლიტპატიმრების საკითხი დღის წესრგიდან არ მოიხსნება და ამით ის დაიღუპავს თავს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ევროპული საქართველოს " ლიდერი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ტაქტიკურ შეცდომად აფასებს.
თუმცა გიგა ბოკერიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მოტივაციაში ეჭვი არ შეაქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება იყო შეცდომა. ეს არის ტაქტიკური შეცდომა, თუმცა მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს, მათი მოტივაცია იყო სწორი მოტივაცია. ეს იყო სწორი სვლა, რადგან ბიძინა ივანიშვილი ჩააყენა კიდევ უარეს მდგომარეობაში. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ივანიშვილი რაციონალურად მოიქცევა, რადგან ის, არ არის რაციონალურ მდგომარეობაში.
ეს ყველაფერი ივანიშვილს არ აძლევს შანსს, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა გადაუნაწილოს. ხვალ თუ ჩააგდებს კენჭისყრას, კიდევ უფრო ღიად მოუწევს საზოგადოებისთვის თქმა, რომ ხო აი, მე მოვაკელი ეს ოთხი ხმა.
მისგან არ მიკვირს ეს უტიფრობა, ოპოზიციის გაცნობიერებული ამოცანა უნდა იყოს, რომ ქვეყნისთვის ნაკლები ზიანისკენ უბიძგოს ასეთ უპასუხისმგებლო ხელისუფლებას,"- განაცხადა გიგა ბოკერია "დღის კურიერის" ეთერში.