"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვის პირველი მოსმენის დროს კანონპროექტმა 116 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა "ევროპული საქართველოს" გარეშე, რაც იმის საფუძველია, რომ მეორე მოსმენაზეც 116 დეპუტატის მხარდაჭერა დაფიქსირდება.
"პირველი მოსმენის დროს კენჭისყრის დროს დაფიქსირდა 116 დეპუტატის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის გარშემო "ევროპული საქართველოს" გარეშე. შესაბამისად ჩვენ გვაქვს უკვე საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ხვალ დაფიქსირდება ამავე 116 დეპუტატის მხარდაჭერა. კანონპროექტს სჭირდება 113 დეპუტატის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ის მიღებულ იქნეს მეორე მოსმენით. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი საფუძველი ოპტიმიზმისთვის და ვფიქრობ, რომ ხვალ მეორე მოსმენით ჩვენ წარმატებით მივიღებთ ამ კანონპროექტს.
რეალურად, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ღია გარიგება "ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა დააფიქსიროს იმ დეპუტატმა, რომელიც მხარს არ დაუჭერს მეორე მოსმენის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველი მოსმენის დროს 2 დღით ადრე თუ უჭერდი მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ 2 დღის შემდეგ შეიცვალე პოზიცია ეს ნიშნავს, რომ შენ შეხვედი ძალიან მძიმე და არასწორ გარიგებაში. ბუნებრივია ნებისმიერი დეპუტატისთვის არ იქნება მომგებიანი ასეთი რამის დემონსტრირება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები და ვფიქრობთ, რომ ხვალ 116 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი პროექტის გარშემო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია, თუ არა გიორგი რურუას საკითხზე ცვლილებები, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს სფეროს მიეკუთვნება, და არა მმართველ გუნდს.
"აქაც მარტივად არის ყველაფერი. ეს არ არის ჩვენს ხელში. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილებების სფერო. მხოლოდ სასამართლოს შეუძლია საქართველოში მიიღოს გადაწყვეტილება, ვინმეს დაპატიმრების, ან პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. აქედან გამომდინარე, როდესაც რადიკალური ოპოზიცია აყენებს საკითხს რურუას გათავისუფლების თაობაზე ადრესატი არ შეიძლება იყოს ბუნებრივია მმართველი პარტია. ამ ყველაფრით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ დღემდე ვერ გაუგიათ რა არის ხელისუფლების განაწილება და რა არის სამართლებრივი სახელმწიფო. თუ მათ მიაჩნიათ, რომ არსებობს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, ამ შემთხვევაში ადრესატი არის სასამართლო და არა მმართველი პარტია," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
კითხვას: თუ ამ ნაწილზე არ იყო შეთანხმება ოპოზიციასთან, გარკვეული პირების გათავისუფლებაზე, მაშინ რატომ გაჩნდა შემდეგ უკვე მატ ტექსტებში ტერმინი პოლიტპატიმარი, ირაკლი კობახიძე საუბრობს, რომ მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა და მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში იყო აღნიშნული. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია არღვევს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს, ხოლო "ქართული ოცნება" ამავე შეთანხმების ორივე ნაწილს ასრულებს.
"ტერმინი პოლიტპატიმარი გაჩნდა მარტო რამდენიმე განცხადებაში, ეს იყო რამდენიმე ცალკეული პოლიტიკოსების განცხადება, მაღალი რანგის პოლიტიკოსის, ასეც შეიძლება ითქვას, მათ შორის სენატორი რიშის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასეთი რამ არ დაფიქსირდა. მაგრამ ეს იყო ყველა შემთხვევაში ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები. როდესაც ინსტიტუტები აკეთებენ საკუთარ განცხადებებს, როგორიც არის მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტი, ან რომელიმე შესაბამისი ევროპული ინსტიტუტი, ისინი ბუნებრივია სხვაგვარად ეკიდებიან საკუთარ განცხადებებს და იქ გადის ნებისმიერი ასეთი განცხადება უფრო რთულ გადამოწმების პროცესს, რაც ცალკეული პოლიტიკოსების შემთხვევაში ბუნებრივია არ ხდება, ასეა საქართველოშიც, ასეა ამერიკაშიც, ევროპაშიც და ყველგან.
ამ შემთხვევაში, ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ამ შეთანხმებას. არც ერთი ფაქტი არ ყოფილა მთელი ამ თვეების განმავლობაში იმისა, რომ "ქართული ოცნებას" დაერღვიოს შეთანხმების ეს ნაწილი და განეხორციელებინოს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება, თუმცა როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ თურმე მმართველმა პარტიამ რურუა უნდა გაათავისუფლოს, სწორედ ეს არის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება, შესაბამისად რადიკალური ოპოზიცია არღვევს შეთანხმების ორივე ნაწილს, "ქართული ოცნება" ასრულებს შეთანხმების ორივე ნაწილს," - განაცხადა