წითელი და მწვანე ღილაკები პარლამენტში ხვალ კვლავ აქტუალური გახდება. პირველიდან მეორე მოსმენამდე ერთდღიანი შუალედი მხარეებმა პოზიციების გასამყარებლად გამოიყენეს. მოცემულობა ასეთია, "ნაციონალური მოძრაობა" იგივე მოთხოვნით იგივე ტაქტიკას ინარჩუნებს და არც ხვალ აპირებს სესიაზე შესვლას, ”ევროპელებს” კი დაპირებისამებრ 20 ხმა უკან მიაქვთ და "ოცნების" შემხვედრ ნაბიჯებს ელოდებიან - ანუ, გიორგი რურუას დროულ გათავისუფლებას.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ გუშინდელი ერთჯერადი მხარდაჭერაც ოპოზიციის ნაწილისგან დიპლომატების ზეგავლენის შედეგი იყო. "ოცნება" იმის გარანტიებს იძლევა, რომ ოპონენტების მხარდაჭერის გარეშეც გავა ფინალში და ქვეყანა ფართო კონსენსუსის მქონე საარჩევნო მოდელს მიიღებს.
გუშინ ანთებული 136 თანხმობიდან 116 ”ოცნებას”, დამოუკიდებლებს და ”პატრიოტებს” ეკუთვნოდათ. ევროპელების მინუს 20 ხმა კი ხვალინდელთან დაკავშირებით კვლავ კითხვებს ბადებს.
დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის პროექტის ჩაგდების თეორიული რისკები მაინც არსებობს, თუმცა არა მათგან. დამოუკიდებლები ერთგულები რჩებიან იმ პოზიციის, რომ პროპორციული სისტემა ახალ შანსებს აჩენს და ამაზე უარის თქმა უბრალოდ არ შეიძლება.
პარლამენტში მიმდინარე ისტორიულ პროცესებს დღეს აღმასრულებელი შტოც გამოეხმაურა. პრემიერი პროპორციული საარჩევნო სისტემისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯით იმის პერსპექტივას ხედავს, რომ ქვეყნის პოლიტიკური კულტურა გაუმჯობესდეს.
მეორე მოსმენით საკითხს მხარდაჭერა დღეს იურიდიულმა კომიტეტმა უკვე გამოუცხადა, ხვალ სესიის დღეა. თუ საარჩევნო მოდელი საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს, მისი ხელახლა დაინიცირების მექანიზმით საკითხი დახურულად მაინც არ ჩაითვლება. თუ სესიაზე იგივე სცენარი ვიხილეთ, რაც გუშინ, მესამე და ბოლო მოსმენა უკვე 29 ივნისს შედგება.