გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში საქართველოს პირველი წარმომადგენელის კანდიდატურას არასამთავრობო სექტორი უპირისპირდება. 53 ორგანიზაცია სოფიო კილაძეს, როგორც ჰომოფობიური განწყობების მქონეს და უმცირესობების უფლებების არასათანადო მხარდამჭერს ახასიათებს. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს კომპეტენციას უწუნებენ და ამბობენ, რომ მისი გამოცდილება ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით მწირია. 53 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება სოფიო კილაძესთან დაკავშირებით, გაეროს იმ 140 კაციან მისიას, უკვე გადაეგზავნა, რომელმაც კომიტეტის ახალი წევრები უნდა შეარჩიოს.
მწვავე შეფასებებისა და კრიტიკისთვის დღეს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს არ უპასუხია. გამოცდილების და კომპეტენციის დაწუნების გარდა არასამთავრობო სექტორს კილაძის შერჩევის პროცესთან დაკავშირებითაც აქვს კითხვის ნიშნები და ამბობენ, რომ მისი წარდგენა გაუმჭვირვალედ და ყველასგან ფარულად მოხდა, რითიც გაეროს რეკომენდაციები დაირღვა. მესამე სექტორი ითხოვს პასუხს - ვინ შეარჩია სოფიო კილაძე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრის პოზიციაზე.
53 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებებს იზიარებენ ოპოზიციაშიც. ისინი ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წარსულს იხსენებენ და ამბობენ, რომ კილაძისთვის ადამიანის უფლებების დაცვა მეორეხარისხოვანია.
ოპონენტების შეფასებები და არასამთავრობო სექტორის მიმართვის პათოსი არ უკვირთ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტებს კილაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს ახსენებენ და ამბობენ, რომ სწორედ მისი საქმიანობაა გამაღიზიანებელი ოპონენტებისთვის.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში 9 ახალი წევრი რიგით 18-ე სესიაზე უნდა შეარჩიონ. ახალი წევრები სავარაუდოდ სექტემბერში შეირჩევა, იმ შემთხვევაში თუ სოფიო კილაძის კანდიდატურას შესაბამისი კომისია მხარს დაუჭერს ის პირველი წარმომადგენელი იქნება ამ კომიტეტში და საქართველოს რამდენიმე წლის განმვლობაში წარადგენს.