როგორ შეცვლის გლობალური პანდემია არჩევნების ჩატარების წესს, რა პირობებში მოუწევს ამომრჩეველს ამომრჩეველს ხმის მიცემა - ამ წესებზე პარლამენტი, მთავრობა, არასამთავრობოები და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მუშაობას იწყებენ. პარლამენტში დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ოპოზიცია დღეს 3 საათიან შეხვედრაზე საკუთარ შეთავაზებებზე საუბრობდა. "ევროპული საქართველო" ფიქრობს, რომ უბნების დაყოფა უნდა მოხდეს და თითო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 800-სს. უბნების დაყოფის იდეას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობაც".
როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას პირი, რომელიც კენჭისყრის დღეს კარანტინში იქნება. ასევე, ხომ არ გახდება საჭირო პროცესებში ექიმების ჩართვა, ნიღბებთან, დეზინფექციასთან და დისტანციასთან ერთად, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
კიდევ ერთი მთავარი კითხვა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა, ეხებოდა არჩევნების თარიღს. პანდემიის გამო, ხომ არ გახდება საჭირო არჩევნების გადადება.
არჩევნები და პანდემია, როგორც ახალი გამოწვევა ქვეყნის წინაშე - დღეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთეს.
რამდენიმე დღეში, უკვე დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელზეც 10 მთავარ საკითხზე, ჯანდაცვის სპეციალისტების კონკრეტულ რეკომენდაციებს მოუსმენენ. 2 ივლისს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოსმენები იწყება, მანამდე კი, კანონპროექტის მომზადება და მისი განხილვები უნდა მოესწროს.