18 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
ხარვეზები მართლმსაჯულების სისტემაში - TI საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს

მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზირება და მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა. ამის შესახებ საუბარია "გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი ანუ კლანი არსებობს, ხოლო ამ ადამიანებიდან 84% თვლის, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ზოგადი პრობლემების შესახებ და ამავდროულად, სისტემური ხარვეზების სწორი აღქმა გააჩნია.

"ამ კვლევამ გვაჩვენა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმსაჯულების სისტემას, სამართალდამცავ ორგანოებს მიიჩნევს ხელისუფლების მომსახურე ინსტიტუტებად, მიიჩნევს ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ნაწილად. სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია, სუსი, ეს არის ქართული ოცნების საარჩევნო ფრთა, ხოლო არა საარჩევნო პერიოდში, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მომსახურე ინსტიტუტები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. 

"დღეს პროკურატურა, უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახური, სასამართლო, ნაწილობრივ პოლიცია, კონიუნქტურული ბიზნესი - ეს ყველაფერი არის ერთი გუნდის ინტერესი,“ - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ამბობს, რომ კვლევის შედეგებს არ იცნობს. 

"არ ვიცი ამ კვლევის შედეგები, მაგრამ ვიცი იმ კვლევის შედეგები, რომელსაც ატარებენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ კვლევებში სულ სხვა რაღაც ჩანს. მათ კვლევებში ჩანს, რომ საზოგადოების მხრიდან არის ნდობა სასამართლოსთან მიმართებით,“ - აცხადებს გიორგი კახიანი.

 

დღის ამბები