პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ცვლილებებს 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.
კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას,“ მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველო,“ რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 21 ივნისს დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებებს 136-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგი იყო.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.