"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა შეაფასეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ამ კვლევის შედეგები მათთვის გასაკვირი არ ყოფილა. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიზირების პრობლემა საქართველოში ნამდვილად მწვავედ დგას. ასევე, მათი თქმით, არსებობს ხელისუფლების მხოლოდ ერთი ვერტიკალი და სწორედ ხელისუფლების გავლენის ქვეშ არის მართლმსაჯულების სისტემა.
"ეს კვლევა ზუსტად აჩვენებს იმ მოცემულობას, რაც დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოში, ანუ პრაქტიკულად ნდობა არა აქვს სასამართლოს და არც პროკურატურას, როგორც სახელმწიფოს მთავარ ბრალდების ორგანოს, ვინაიდან სასამართლოც და პროკურატურაც - ეს არის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მყოფი ძალიან მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების ინსტიტუტები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ემორჩილებიან ერთ ვერტიკალს და ეს ვერტიკალი არის ოლიგარქიული ვერტიკალი ბიძინა ივანიშვილის," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
შესაბამისად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკმაოდ მაღალია იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც თვლიან, რომ სასამართლოში გარკვეული კლანი არსებობს და ისევე როგორც სასამართლო, პროკურატურაც ხელისუფლების გავლენის ქვეშ არის.
"სამართალდამცავი სისტემის და მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი სერიოზული პრობლემა იყო ყველა ხელისუფლების პირობებში, თუმცა ეს პრობლემა დღითიდღე უფრო მეტად მძიმდება „ქართული ოცნების“ პირობებში. ახლა უკვე გვაქვს ჩვენ საერთაშორისო შეფასებებიც კი, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, როგორადაც ისინი აქცია პოლიტიკურად მოტივირებულმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მორჩილმა სასამართლომ," – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ირაკლი აბესაძე.
როგორც პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია ამბობს, სასამართლოს მართავს ე.წ. კლანად წოდებული მცირე ჯგუფი და ვიდრე ეს ჯგუფი დაპატრონებულია სასამართლოს, სისტემური რეფორმები ქვეყანაში არასდროს იქნება.
"ვართ ისევ იქ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ სასამართლო ხელისუფლება ისევ არის პოლიტიკური გავლენის ქვეშ. მას მართავს, დიახ, ნამდვილად მცირე ჯგუფი, სასამართლოში კლანად წოდებული. ვიდრე ეს ჯგუფი არის დაპატრონებული სასამართლოს და ეს ჯგუფი არის, რომელიც მათ შორის კორუფციაშია ჩაფლული და პოლიტიკურ გარიგებაშია დღეს ხელისუფლებასთან, იყო ასეთ გარიგებაში ყველა ხელისუფლების დროს, ვიდრე ეს ჯგუფი არ წავა, ამ ქვეყანაში არასდროს არ იქნება სისტემური რეფორმები," - აცხადებს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზირება და მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა.