18 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ერთ თვეში მესამედ - პარლამენტი გიორგი გახარიას 26 ივნისს მოუსმენს

საპარლამენტო ტრიბუნას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 3 დღეში, 26 ივნისს ისევ დაიკავებს. ერთი თვის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევა იქნება, როდესაც გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანო უმასპინძლებს. ამჯერად დეპუტატები მთავრობის მეთაურისგან ერთი წლის შემაჯამებელ მოხსენებას მოისმენენ.

გიორგი გახარიას, როგორც მთავრობის მეთაურის, მიმართ ზოგადი დამოკიდებულება და პოზიცია "ნაციონალურ მოძრაობაში" განსაზღვრული აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის ამის სადემონსტრაციოდ საპარლამენტო ტრიბუნას აუცილებლად გამოიყენებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები გახარიას "გავრილოვის ღამეს" და იმ მოვლენების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას არ პატიობენ. პარტიაში კითხვები, რაზეც პასუხს პრემიერს მოსთხოვენ, უკვე განსაზღვრული აქვთ.

მთავარი საკითხები, რის შესახებაც "ევროპული საქართველო" შეკითხვებს ამზადებს - ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური მიმართულებაა. პარტიაში მოლოდინი არ აქვთ, რომ დასმულ შეკითხვებზე პასუხებს მიიღებენ, თუმცა, ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან მწვავე საკითხების განხილვის შესაძლებლობას აუცილებლად გამოიყენებენ.

პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კითხვების ჩამონათვალიც უკვე მზად აქვს, მათ შორის - კონკრეტულიც და ზოგადიც. ის ამბობს, რომ მისი მთავარი ინტერესი პოლიტიკაა. გიორგი გახარიასთან კონკრეტული კითხვები აქვს ლევან კობერიძესაც. დამოუკიდებელი დეპუტატი პრემიერ-მინისტრს შინაგან საქმეთა მინისტრობის დაპირებას შეახსენებს.

ის, რაც ოპოზიციისთვის კრიტიკის მიზეზია, საამაყოა მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნება" ოპონენტების არც ერთ შენიშვნას არ იზიარებს. უმრავლესობისთვის გახარიას პრემიერ-მინისტრობა კრიზისის ეფექტიან მართვასთან, დაგეგმილთან შედარებით ეკონომიკის ზრდასა და დასავლეთთან თანამშრომლობის გაძლიერებასთან ასოცირდება.

26 ივნისს გიორგი გახარია, მოხსენების შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს. დეპუტატებს დაზუსტების შესაძლებლობაც ექნებათ და კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში საკუთარი შეფასების გამოხატვისაც.

დღის ამბები