ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში მისი პარტიის სახელი დაასახელა. ელისაშვილის თქმით, მის პარტიას, რომლის რეგისტრაციაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, "მოქალაქეები" ერქმევა.
"ყველაზე დიდი რესურსი ამ ქვეყნის არის მოქალაქეები, მთავარი იდეოლოგია და მიზანი იქნება საქართველოს წინსვლა და გამდიდრება, ამ მიზნამდე როგორ მივალთ- ცოტა მარცხენა, ცოტა მარჯვენა, ძაან მარჯვენა თუ ცენტრისტული ხედვებით, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიას არეგისტრირებს სამოქალაქო მოძრაობის ჯგუფი და ანა დოლიძე და ლევან კობერიძე არიან ახალი პლატფორმის წევრები და არა მისი პარტიის.
"ამაზე ლაპარაკი არ გვქონია, ჩვენ ერთად დავდექით ახალ პლატფორმაზე და მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, პარტია პროპორციულ არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას.