ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა გაჭირვებიდან გამოვიდეს.
ელისაშვილმა საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და გაიხსენა ის წლები, როდესაც მას და მის ოჯახს ძალიან უჭირდა.
"ივანიშვილის დამარცხება კი არ არის ჩემი მიზანი პოლიტიკაში ყოფნის, მე მინდა რომ ეს გაჭირვებული ქვეყანა გახდეს მდიდარი ქვეყანა. გაჭირვებაზე ვიღაცის მონაყოლით კი არ ვლაპარაკობ. არ მრცხვენია მე იმაზე ლაპარაკი, რომ უკვე გოგოებს ვეპრანჭებოდი, მაშინაც 9-ჯერ დაკერებული ფეხსაცმელი მეცვა და მრცხვენოდა ხოლმე პაემანზე სიარულის. სამტრედიელი ნათესავის, ლაშიკო კვანტალიანის გამონაცვალ ტანსაცმელს რომ მიგზავნიდნენ ხოლმე, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო და ღამეები გამითენებია ისე, რომ საჭმელი არ მქონია, მაგრამ ხმა არ ამომიღია. უბედნიერესი ვიყავი ხოლმე, როცა ბებიაჩემი და ბიძაჩემი მჭადს, ფქვილს და ნანადირევ იხვს რომ გვიგზავნიდნენ ხოლმე, ზეიმი მქონდა. გაჭირვება და პროცენტიანი ვალები რა არის, ძალიან კარგად ვიცი. ერთხელ დააყაჩაღეს მამაჩემი ტაქსაობის შედეგად, დარჩენილი ვოლგა ჰყავდა და ის მანქანა წაართვეს. ჩემს ბავშვებს კი არ შიათ და დახეული ფეხსაცმელი არ აცვიათ, მაგრამ სხვის ბავშვებს ხომ შიათ?! მთელი ჩემი მიზანი არის ის, რომ რაც მე მაქვს განცდილი, სხვამ არ განიცადოს.
მოდიან, სიღარიბის პრობლემას აგვარებენ ოღონდ საკუთარი კეთილდღეობის შექმნის ხარჯზე. ალეკო ვარ ელისაშვილი, ნებისმიერ დაინტერესებულს ვაჩვენებ, სად ვცხოვრობ, ჩემი და სამტრედიაშია გათხოვილი და სად ცხოვრობს და ჩემი მშობლები პავლოვზე როგორ სახლში ცხოვრობენ. არაფერი დასამალი არ მაქვს, რამხელა კრედიტი მაქვს იმასაც ვანახებ."- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, მას ბევრი შემოთავაზება ჰქონია და შეეძლო მილიონერი გამხდარიყო.
"შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი 5 თვე, ხელფასის, ვირული შრომის და დაგლეჯილი ნერვების მეტი არაფერი შემრჩენია. ერთ საათში შემეძლო მილიონერი კი არ გავმხდარიყავი, მულტიმილიონერი გავმხდარიყავი. ღმერთი-რჯული შუბლის ძარღვი არ გამიწვეტია. შემოთავაზების მეტი რა იყო, ზოგი მოდიოდა და ეგონა რომ მხოლოდ ფულზე უნდა ელაპარაკა. ასევე მე ვიყავი საკრებულოში საბურთალოს დეპუტატი, ესეც მექრთამეების ოცნებაა. ერთმან მითხრა ადგილი გამიცვალეო, ჩემს რაიონშიო, სადაც მე მაჟორიტარი ვარო ერთი კორპუსი არ შენდებაო და შენთან არის მშენებლობები, წაუყრუე რამდენიმე მშენებლობას და დაგრჩება რამდენიმე დაძინებული სახლიო," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.