დღეს სესიაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი გადის. წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გახდა, დღეს დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ. წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
ხელისუფლების ოპონენტები ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ დოკუმენტი მოქალაქეების მოთხოვნებსა და საჭიროებებს არ პასუხობს.
"ეს ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა უწოდებს ანტიკრიზისულს და საგანგებოს, სინამდვილეში არის ანტი სახალხო და საგანგაშო. ამ ბიუჯეტში არაფერი კეთდება იმ ასობით ათასი დაზარალებული, უმუშევრად დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომლებმაც პანდეემის პერიოდში დაკარგეს სამუშაო და რომლებიც დღეს იმყოფებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია.
"ჰგონიათ, რომ ასეთი ბიუჯეტით არჩევნებზე ფონს გავლენ, ვერ გავლენ, იმიტომ რომ ფასების ზრდა იმდენად დიდია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ, ისე როგორც ბიუჯეტს ხარჯავენ, ეს ტრადიცია არის 8 წელიწადია, 8 წელიწადია ჩვენ ვუყურებთ ბიუჯეტის ასეთ უყაირათო ფლანგვას და ამ კრიზისსაც ასეთი დასუსტებული ლარით შევხვდით ზუსტად იმიტომ, რომ ასე უყაირათოდ იხარჯებოდა ბიუჯეტი მთელი 8 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დოკუმენტს აკრიტიკებენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ბიუჯეტი ქვეყანას ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანაში ვერ დაეხმარება.
"ბიუჯეტი, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის ბიუჯეტი, არანაირ ხედვას, მსგავსი ტიპისას არ შეიცავს. ეს ბიუჯეტი არის, როგორ გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ ჩვენი საერთო ფული, ანუ ქვეყნის ბიუჯეტი.
რაც შეეხება მწვავე კითხვებს, აქ ერთ-ერთი მწვავე კითხვა არის ის, რომ 55%-ს მიუახლოვდა ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. იცით, რომ კანონით, 60%-ია ზღვარი დადებული. ლარის მერყეობის შემთხვევაში, ეს 55% საგარეო ვალთან მიმართებაში ძალიან სწრაფად შეიძლება ავიდეს ჯამურად 60%-მდე," - განაცხადა ლევან კობერიძემ.