კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" პარლამენტს მოუწოდებს, კლანური მმართველობის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭიროს. კოალიცია თვლის, რომ სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული.
"დღეს ისევ გვიწევს საუბარი პოლიტიკურად მიკერძოებულ მართლმსაჯულებაზე, სასამართლოში არსებულ პოლიტიკურ ზეგავლენებსა და კორუფციაზე. სასამართლო კვლავაც ვერ ასრულებს სხვა სახელისუფლებო შტოების ბოჭვისა და კონტროლის ფუნქციას, ხოლო მართლმსაჯულება შინაარსობრივად დაშორებულია ადამიანის უფლებების სტანდარტებსა და სამართლიანობას. ქართული სასამართლო სისტემა კრიზისში იმყოფება და მის მიმართ ნდობის ხარისხი დაბალია. საკანონმდებლო რეფორმის ტალღებმა ის თვისობრივად ვერ შეცვალა, რისი მთავარი მიზეზი სისტემაში არსებული კლანური მმართველობაა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოში ძალაუფლება შეინარჩუნა მოსამართლეთა იგივე ჯგუფმა (კლანმა), რომელიც სისტემას ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" დროს აკონტროლებდა. ეს ჯგუფი გარიგებაში შევიდა ახალ ხელისუფლებასთან და გააგრძელა სასამართლო სისტემის გადაწყობა მისადმი ერთგულების ნიშნით,"- ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
"დამოუკიდებლობის მიღწევას აფერხებს სწორედ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი, რომელიც თანამდებობას იყენებს საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად," - აცხადებს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)" კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კუკავა. მისი თქმით, ამის შესახებ საუბარია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ პარლამენტმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს კლანის აღმოსაფხვრელად
"წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება ამ სისტემის გაჯანსაღება ისე, რომ ის მომართული იყოს ადამიანის უფლებების დაცვასა და სახელისუფლებო შტოების კონტროლზე," - აცხადებს ელენე ნიჟარაძე.
ავტორი: მირიან გორგოძე