პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას Facebook პოსტით უპასუხა. ელისაშვილი ბოკერიას პოლიტიკურ ვაჭრობაში თავად სდებს ბრალს.
"ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო, გიგა, სტამბოლის ბაზარი რო გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი, ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მაგრამ მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე, მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი "ცეხავიკების" დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელვად ვართ მოსულები.
p.s. ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე, უნდა იცოდე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა, რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი,"- წერს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა "ევროპული საქართველოს" ლიდერები, კერძოდ, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს პოლიტიკურ ვაჭრობაში სდებენ ბრალს. ისინი აცხადებენ, რომ ელისაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით თავისი პარტიისთვის 2 ადგილს "ევაჭრებოდა."