18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"უნებურად თუ გამიზნულად ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს" - ოპოზიცია ელისაშვილის განცხადებებს კრიტიკულად აფასებს

ოპოზიციის წარმომადგენლები პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებს კრიტიკულად აფასებენ. "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე ელისაშვილს არაკეთილსინდისიერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი განცხადებები ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

"როდესაც მონაწილეობ ოპოზიციური პარტიების შეთანხმებაში და ითხოვ შენთვის ადგილებს, როდესაც 2 ადგილს ვერ იღებ, შემდეგ ტოვებ მოლაპარაკების მაგიდას, გამოდიხარ და შენს კოლეგებზე ამბობ, რომ იქ ვაჭრობდნენ და მე ვაჭრობაში როგორ ვიკადრებ მონაწილეობის მიღებასო, ეს, ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი საქციელია. არ მიყვარს ოპოზიციაში რომ არის ისეთი ადამიანების კრიტიკა, მაგრამ ის რადგან ასე გამუდმებით ესხმის თავს შეთანხმებულ კანდიდატებს, მისდაუნებურად თუ გამიზნულად ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს,"-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს სიტყვა "ვაჭრობა" არ ესადაგება და ეს პოლიტიკური დიალოგია.

"ამ პროცესს უნდა დავარქვათ პოლიტიკური დიალოგი. ვაჭრობა არაფერ შუაშია. პოლიტიკური დიალოგი არის დამახასიათებელი ამ პროცესისთვის, იმისთვის, რომ მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს ამომრჩევლებისთვის, ვინაიდან დაკვეთა არის ოპოზიციური პარტიების ერთობა,"-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაითავისოს, რომ უნდა იყოს ან ოპოზიციაში, ან ხელისუფლების მხარდამჭერი.

"პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა დაიწყებენ ოპოზიციის ოპოზიციონერობას, ისინი ნებსით თუ უნებლიედ წყალს დაასხამენ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე. ასე რომ, ყველა პოლიტიკოსმა, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ხალხს წარმოადგენდეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უნდა გაითავისოს, რომ იყოს ან ოპოზიციაში, ან ხელისუფლების მხარდამჭერი. სატელიტების დრო ნელ-ნელა მთავრდება,"- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი გიგა ბოკერიას განცხადებებს Facebook პოსტით გამოეხმაურა და ვაჭრობაში თავად დასდო ბრალი. 

იქამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "ევროპული საქართველოს" ლიდერები, კერძოდ, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს პოლიტიკურ ვაჭრობაში სდებენ ბრალს. ისინი აცხადებენ, რომ ელისაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით თავისი პარტიისთვის 2 ადგილს "ევაჭრებოდა."

დღის ამბები