18 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
დღევანდელ ოპოზიციას ურჩევნია რურუა იყოს იქ, სადაც არის და მუდმივად ილაპარაკონ მის პოლიტიკურ პატიმრობაზე - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გამოეხმაურა გიორგი რურუას განცხადებას, რომლითაც რურუამ ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. თუ რატომ შეცვალა რურუამ რიტორიკა, გიორგი ვოლსკის ამაზე პასუხი არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციას მისი პატიმრობაში დარჩენა აწყობს. 

"არ ვიცი, რურუას რატომ აქვს შეცვლილი რიტორიკა. ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვეულებრივი პოზიცია აქვს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღების აუცილებლობას. ეს ხომ არ არის მათი პირადი ინტერესი.

რაც შეეხება რურუას ფაქტორს ამ სიტუაციაში, მე არ მგონია, რომ კომენტარებს უნდა ვაკეთებდე ამ თემაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - რურუა გარეთ, როგორც ოპოზიციური მედიამფლობელი და პოლიტიკური ლიდერი, როგორც თვითონ ასახელებენ, არ აწყობს დღევანდელ ოპოზიციას. ურჩევნია, ის იყოს იქ, სადაც არის და მუდმივად ილაპარაკონ მის პოლიტიკურ პატიმრობაზე“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი რურუამ მოუწოდა ოპოზიციას, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთა და საერთაშორისო მეგობრების თხოვნაა. 

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუა, რომელსაც გამოძიება იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავება, ერთ-ერთია მათგან, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ოპოზიციის განცხადებით, გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტს ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების ამ პუნქტს "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს.

პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, რომელმაც პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ პატიმრობიდან გიორგი რურუაც გათავისუფლდება. 

საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა "ევროპულმა საქართველომ" მიიღო, თუმცა მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

"ნაციონალურ მოძრაობა" არცერთ კენჭისყრას არ დასწრებია.

მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა, სავარაუდოდ, ორშაბათს, 29 ივნისს გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები