18 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
გიორგი რურუას პოზიცია ჩვენთვის არაფერს ცვლის, ეს პრინციპის საკითხია - სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მისი პარტია გიორგი რურუას მოწოდების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაში მონაწილეობას არ აპირებს. მისივე თქმით, ეს არ ეხება მხოლოდ გიორგი რურუას და პრინციპის საკითხია. 

"ეს არის სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ მას არ სურს, რომ მისი პიროვნული საკითხი რამენაირად გახდეს დაბრკოლებად იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც ეხება კონსტიტუციას. მაგრამ, ჩვენთვის ეს პოზიცია არაფერს არ ცვლის, რადგან ჩვენთვის ეს საკითხი პრინციპულია, ეს არ შეეხება მხოლოდ კონკრეტულად გიორგი რურუას, ეს შეეხება იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოს, რომლითაც ჩვენ მივდივართ შემდეგ არჩევნებზე და შეთანხმებას, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება არ უნდა განხორციელდეს,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გიორგი რურუამ მოუწოდა ოპოზიციას, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთა და საერთაშორისო მეგობრების თხოვნაა. 

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუა, რომელსაც გამოძიება იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავება, ერთ-ერთია მათგან, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ოპოზიციის განცხადებით, გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტს ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების ამ პუნქტს "ქართული ოცნება" კატეგორიულად უარყოფს.

პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, რომელმაც პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ პატიმრობიდან გიორგი რურუაც გათავისუფლდება. 

საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა "ევროპულმა საქართველომ" მიიღო, თუმცა მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

"ნაციონალურ მოძრაობა" არცერთ კენჭისყრას არ დასწრებია.

მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა, სავარაუდოდ, ორშაბათს, 29 ივნისს გაიმართება. 

დღის ამბები