პოლიტიკური ვაჭრობა თუ პოლიტიკური დიალოგი - ამ თემაზე ალეკო ელისაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის დაწყებული დაპირისპირება დღეს კიდევ უფრო გამწვავდა.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ჯერ ტელეეთერებიდან, მოგვიანებით კი - სოციალური ქსელიდან "ევროპული საქართველო" არასწორ პოლიტიკურ თამაშში დაადანაშაულა, გიგა ბოკერიას კი მაჟორიტარული ხმებით მოვაჭრე უწოდა.
"ევროპული საქართველოს" ლიდერისთვის ალეკო ელისაშვილის რიტორიკა მიუღებელი და გაუგებარია. გიგა ბოკერიამ დღეს თქვა, რომ მანდატებით ვაჭრობის სურვილი და მცდელობაც სწორედ ალეკო ელისაშვილს ჰქონდა.
მისი მტკიცებით, ელისაშვილი დედაქალაქში ორ მანდატს ითხოვდა, მთაწმინდის ოლქში კი სუსტი კანდიდატის დაყენება სურდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები ჩაიშალა. ბოკერიას შეფასებით, ალეკო ელისაშვილის შანსები ოპოზიციური ერთობის გარეშე ნულოვანია
ალეკო ელისაშვილს დღეს ვერ გაუგეს ვერც იმ ოპოზიციონერმა ლიდერებმა, რომლებიც ერთი მაგიდის გარშემო სხედან. მათი შეფასებით, ახლა ოპოზიციის ოპოზიციაში ყოფნა, კრიტიკა და დაპირისპირება ერთმანეთთან მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
სანამ პოლიტიკოსები დავობენ, დედაქალაქის ორი ოლქი კვლავ ვაკანტური რჩება, სადაც ოპოზიციონერებმა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატზე შეთანხება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.
ერთ-ერთი პრეტენდენტი საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანია, რომელიც საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია და სჯერა, რომ ნებისმიერ კონკურენტს დაამარცხებს. არ არის გამორიცხული, 8 ოლქიდან დარჩენილ ორში ოპოზიციურმა პარტიებმა არა საერთო კანდიდატები, არამედ ერთმანეთს საკუთარი რჩეულები დაუპირისპირონ.
რა კონფიგურაციით წარსდგება საბოლოოდ ოპოზიციური ერთობა 2020 წლის არჩევნებში ამომრჩევლების წინაშე, ეს უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს. კონსულტაციები ოპოზიციური მაგიდის გარშემო ამ დრომდე მიმდინარეობს.